0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ირმა შარიქაძის ფილმის პირველი საერთაშორისო აღიარება

ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი „აჭარული მზითვის ფერი“, რომელიც ცნობილმა ფოტოხელოვანმა თიბისის მხარდაჭერით გადაიღო, პარიზის ფილმის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმმა ფესტივალის ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა. ეს პირველი საერთაშორისო აღიარებაა, რაც ფილმმა მოიპოვა, შეგახსენებთ, რომ მისი პრემიერა დეკემბერში თიბისი კონცეფტის სივრცეში გაიმართა.

ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებას წინ უძღოდა ექსპედიციები ზემო აჭარაში, წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემის, აჭარული ნაქარგობის პროექტის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ფილმის ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. ფილმის ავტორი გვიყვება მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.

აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა. კულტურის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა. 

ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე.

2020 წელს, აჭარულ ნაქარგობას მიენიჭა ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი და ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ უნიკალური და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტრადიციის შენარჩუნების და აღორძინებისთვის.

ფილმის პრემიერა, სპეციალურად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისათვის, ხულოს თეატრში აპრილის ბოლოს გაიმართება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები