2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

თიბისის ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების კონკურსი წელს მეექვსედ იმართება. პროექტში განაცხადების შეტანა გრძელდება და რეგისტრაციის დასრულებამდე 4 დღე დარჩა.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება თიბისის და ბიზნესდაჯილდოების მთავარი და უცვლელი მიზანია. წლიდან წლამდე იცვლება მხოლოდ პროექტის ფორმატი და პროგრამა.

წელს ბიზნესდაჯილდოება ახალი ნომინაციებით და ჟიურის განახლებული შემადგენლობით გაიმართება. განაცხადების შეტანა კომპანიებს 5 ნომინაციაში შეუძლიათ:

·       საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

·       საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

·       გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·       საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის

·       გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

 

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს,  რომლებიც გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

რას ნიშნავს კომპანიებისთვის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა და როგორ განისაზღვრება საუკეთესო პროდუქტი თუ მომსახურება, ამაზე ნომინაცია საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის  ჟიურის წევრები საუბრობენ:

მამუკა შურღაია , Silk Road Group-ის ფინანსური დირექტორი

მამუკა შურღაია ბიზნესდაჯილდოების ჟიურიში წელს მესამედაა. მისი აზრით, მსგავსი კონკურსები, პირველ რიგში, წაახალისებს იმ ბიზნესებს, რომლებსაც ბაზარზე თავის დამკვიდრება სურთ. ბიზნესების წახალისება ხელს შეუწყობს კონკურენციას.  კონკურენციით ბიზნეს გარემოს განვითარება, ხარისხი და დოვლათის შექმნა ის მთავარი ფაქტორებია,  რაც აუცილებელია ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

„ამ კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს, რომ გაქვს ამბიცია, შენი ბიზნესი გააცნო საზოგადოებას. ეს უკვე დიდი საქმეა. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი კარგი შანსია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც რაღაცის შექმნა უნდა ამ ქვეყანაში. მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან კარგი საქმეა და ამიტომ მე ამ საქმის და ამ ხალხის ერთგული ვარ და ვურჩევ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი უკეთესი გარემოს შექმნა, მიიღონ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოებაში.

საუკეთესო პროდუქტის გამოსავლენად მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის იქნება ის, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის პროდუქტი ზოგადად გარემოზე და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საუკეთესო პროდუქტი უნდა უმარტივებდეს ადამიანებს ყოველდღიურობას, იყოს ინოვაციური. მეორე ფაქტორია ხარისხი, ანუ კომპანია რამდენად ხარისხიან პროდუქტს თუ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. ეს ორი არის მთავარი კრიტერიუმი გამარჯვებულის გამოსავლენად.“

ერეკლე  ინაშვილი, დიზაინერი, ბრენდისა და პროდუქტის სპეციალისტი

ერეკლე ინაშვილს სჯერა, რომ ძლიერი ბიზნესი და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა განუყოფელი ფენომენებია. შესაბამისად, ბიზნესის ხელშეწყობას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება ისეთ ქვეყნებში, რომელთა საბაზრო ეკონომიკა ახლა იდგამს ფეხს. ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ სახელმწიფოს. ბიზნეს-კონკურსები კი საუკეთესო გზაა დამწყები ბიზნესების გასაძლიერებლად.

„ასეთ პროექტებში მონაწილეობა მცირე ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გამოჩნდნენ, აჩვენონ თავი მომხმარებელს და ჰქონდეთ ამბიცია, თუნდაც მოკლე სიაში მოხვედრის.  მონაწილეობა უკვე დიდი მოტივაცია იქნება კომპანიების თანამშრომლებისთვისაც, რადგან მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს წარმატებაზე ორიენტაციას და ამბიციას. ეს  სითამამეს შემატებს კომპანიას,  მის თანამშრომლებს და ახალ-ახალ მიზნებს გააჩენს, ახალი მწვერვალებისკენ წაიყვანს ბიზნესს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღეს შექმნილი პროდუქტი ემთხვეოდეს ეპოქის მოთხოვნებს, ვგულისხმობ დიჯიტალიზაციას და თანამედროვე, მულტიპლატფორმული პროდუქტების განვითარებას. ეს არის დღეს დროის და მომხმარებლის მოთხოვნა და ასეთი - human centric პროდუქტია ჩემთვის საინტერესო. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია მუდმვი განვითარება, ტრანსფორმაცია, ცვლილება, პროგრესი. ამ ორ ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ ის ჩავთვალო საუკეთესოდ - მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მუდმივი ზრდის, განვითარების პერსპექტივა.“

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი  

ნინო ენიუქიძე უკვე მეორე წელია, ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრის სტატუსით აკვირდება ქართულ კომპანიებს, მათი შექმნის და განვითარების გზას, იმ წარმატებას, რაც მათ წინა წლებში ბიზნესდაჯილდოების კონკურსში გამარჯვებამ მოუტანა. ყველზე მთავარი კი, მისი აზრით, ის არის, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა კომპანიებს მატებს თვითრწმენას და კარს უხსნის მათ საერთაშორისო ბაზრისკენ, რაც ბიზნესის განვითარების აუცილებელი პირობაა.

„სწორად შექმნილი პროდუქტი, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე.  ასეთ ბაზრებზე გასვლისთვის კი ძალიან კარგი მექანიზმია ისეთ კონკურსებში მონაწილეობა, როგორიცაა ბიზნესდაჯილდოება.  საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ვინც რომელიღაც ბიზნესთან პარტნიორობას განიხილავს და ამ კომპანიის შესწავლის პროცესშია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისაა, რომ ეს ბიზნესი ასეთი მასშტაბური კონკურსის ნომინანტია. ეს, მგონი, საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ კომპანიები ჩაერთნონ ამ პროექტში.

საუკეთესოს ასარჩევად ჩემთვის მთავარი კრიტერიუმებია  პროექტი თუ მომსახურება იყოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი და იმ საჭიროებების მომგვარებელი, რომლებიც ბაზარზე არსებობს და რომლის შესაბამისი პროდუქტიც მანამდე არ შექმნილა. რამდენად  და რატომ არის კომპანია დარწმუნებული, რომ ასეთი ტიპის პროდუქტი შექმნა, რა ტიპის კვლევა აქვს ჩატარებული, როგორ გატესტა პროდუქტი და როგორ მივიდა საბოლოო სახემდე - ამ ციკლის ნახვა და შეფასება იქნება ჩემთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი გადაწყვეტილების მისაღებას.“

გიორგი სიმონგულაშვილი, GEC  Consulting, პარტნიორი

თუ არის მიზანი და სურვილი, აუცილებლად იქნება შედეგიც. ასეთია გიორგი სიმონგულაშვილის გამოცდილება. ამის დასტური, პირველ რიგში, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე კომპანიები არიან, რომლებიც, ამავე დროს, ერთმანეთსაც აძლევენ მოტივაციას და რწმენას, რომ საქმის კეთება შესაძლებელია. კონკურსი კი მათ ამ გაკეთებული საქმის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

„ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა, პირველ რიგში, თავის წარმოჩენის საშუალებაა მცირე კომპანიებისთვის. ძალიან რთულია, პატარა კომპანია გამოჩნდეს ბაზარზე, მათი რესურსები ლიმიტირებულია. ეს პროექტი კი საშუალებას იძლევა, რომ უფრო ფართო აუდიტორიამ დაინახოს ეს ბიზნესი. მეორე ბენეფიტი აღიარებაა. კომპანიას აუცილებლად სჭირდება აღიარება, რაც პატარა კომპანიებისთვის ადვილი მოსაპოვებელი არ არის. ბიზნესდაჯილდოება შანსია ამ აღიარების მოსაპოვებლად. და მესამე  - გამოცდილება: კომპანიის პრეზენტაცია, განაცხადისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულება, ამ პროცედურების გავლის შემდეგ ანტრეპრენერი, კიდევ ერთხელ, სხვა თვალით ხედავს და აფასებს თავისი ბიზნესს, რაც ასევე მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის.

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის იქნება კომპანიის ცნობადობა, რაც დამოკიდებულია მისი მომხმარებლის კმაყოფილებაზე - რამდენად ცნობადი გახდა ეს კომპანია ამ წელს. შემდეგ - რამდენად განსაკუთრებული და ხარისხიანი  პროდუქტი თუ სერვისი შექმნა. ეს არის ძირითადი კრიტერიუმები. ხარისხი, მომხმარებლის კმაყოფილება, ცნობადობა - ამის მიხედვით შეიძლება საუკეთესო პროდუქტის და მომსახურების გამოვლენა.“

ლევან გიორგაძე,  SOCAR Georgia Petroleum , დირექტორი

ადამიანებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისება ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონის გარანტია. ასე ფიქრობს ლევან გიორგაძე და მიაჩნია, რომ რაც უფრო ჯანსაღი და მრავალფეროვანია ბიზნესგარემო, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. ბიზნესდაჯილდოება კი სწორედ ასეთი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

 „პირველ რიგში, კარგია, როცა ხდება შენი პროდუქტის თუ მომსახურების გარეშე თვალით შეფასება, მითუმეტეს, როცა ეს ასეთი მრავალფეროვანი და მასშტაბური კონკურსის პირობებში ხდება და  რომელშიც უკვე ბევრმა დღეისათვის ცნობილმა ბიზნესმა გაიმარჯვა. ასეთი პროექტები, ერთი მხრივ, მოტივატორია ყველა ბიზნესისთვის, მეორე მხრივ კი კარგი საშუალებაა, თავისი პროდუქტი და მომსახურება წარმოაჩინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას, რაც ყველა ბიზნესის მიზანია.

პირადად ჩემთვის, საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს ესა თუ ის პროდუქტი თუ მომსახურება ბაზარზე, რამდენად ახლებურად დაგვანახებს მეწარმე პროდუქტს და ამა თუ იმ სერვისის მიღების საშუალებას, ზოგადად, რამდენად რელევანტურია შექმნილი პროდუქტი და რამდენად აქვს ამ ბიზნესს ზრდის პოტენციალი. მოკლედ, ჩემთვის საინტერესო იქნება ის პროდუქტი, რომელიც სიახლეა ბაზარზე და,  ამავე დროს, აქვს გრძელ ვადაში განვითარების პერსპექტივა.“

მიხეილ ხიდურელი, აწარმოე საქართველო

ჯანსაღი კონკურენტული გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქვეყნის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარების მიმართულებით. ტექნოლოგიური განვითარება კი მომავლისკენ მიმართული ხედვაა.  მიხეილ ხიდურელს მიაჩნია, რომ ბიზნესდაჯილდოების მთავარი ფუნქცია სწორედ კონკურენტული ბიზნესგარემოს  შექმნაა.

„ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ყველაზე აშკარა სარგებელი არის მომხმარებლისთვის საქონელსა და მომსახურებებზე კონკურენტულ ფასებში ხელსმისაწვდომობა. თავის მხრივ, ბაზარზე არსებული ჯანსაღი კონკურენცია ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზარზე მოქმედი კომპანიებისათვის, რათა მათ მოახდინონ ინვესტირება თავიანთი კონკურენტული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და მიეცეთ მეტი მოტივაცია ხარჯების ოპტიმიზაციის და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

კომპანიების შერჩევისას და საუკეთესოს გამოვლენაში, დიდ ყურადღებას გავამახვილებ მის ხარისხზე და რა თქმა უნდა, სანდოობაზე. ამასთანავე, იმაზეც, თუ რა ღირებულებას ქმნის და ზრდის რა პოტენციალი აქვს პროდუქტს თუ სერვისს.“

ბიზნესდაჯილდოების პროექტში რეგისტრაცია  15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება.

დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.businessaward, შემოიტანეთ განაცხადი და გააცანით თქვენი კომპანია უფრო ფართო აუდიტორიას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები