1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

უწყვეტი განვითარების ისტორია - „ჟუჟუნა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

4 წლის წინ, როცა თიბისი ახლადშექმნილი კომპანიის, „ჟუჟუნას" პარტნიორი გახდა, ჩვენთვის უკვე სრულიად ნათელი იყო, რომ ამ კომპანიის ჩანაფიქრი - ქართული ყურძნის ჯიშებზე დამზადებული, ბუნებრივად გაზიანი, ნახევრადცქრიალა ღვინო „ჟუჟუნა" მომავალში უამრავ თაყვანისმცემელს გაიჩენდა და მთელ ქვეყანას მოიცავდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ეს პროდუქტი ახალგაზრდულ სასმელად იყო ჩაფიქრებული, „ჟუჟუნა" - სიმსუბუქის, ბუნებრივი არომატისა და ხარისხის წყალობით - მალევე გასცდა ამ ნიშას და ალკოჰოლური სასმლის მოყვარული ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა.
დაარსების დღიდან 3 წლის განმავლობაში ქართულ შუშხუნა ღვინო „ჟუჟუნა" ჩამოსასხმელი სახით არსებობდა და ფესტივალების, ბარების, კლუბების, კერძო წვეულებების და ზოგადად - პოპკულტურის ნაწილად იქცა.
რამ განაპირობა ჟუჟუნას პოპულარობა ქართულ ბაზარზე?
პირველ რიგში, მისმა ფორმამ - ჩამოსასხმელი ნახევრადცქრიალა ღვინო ახალგაზრდებისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. შემდეგ - მისმა შიგთავსმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავისი პირვანდელი სახით ყველანაირ კერძთან თუ ნუგბართან მიდის, ასევე წარმატებულად იმიქსება ხილთან და სხვა ალკოჰოლურ სასმელთანაც, მისგან მზადდება სხვადასხვა უგემრიელესი კოქტეილები.
პანდემიის პერიოდში ჟუჟუნამ შინ მიტანის მომსახურება გააძლიერა. გადალახა დროის გამოწვევა და სირთულეები და არასდროს შეუწყვეტია განვითარება.
2021 წლიდან კი, ყველასთვის საყვარელი ბრენდი, უკვე ახალი შეფუთვით - ბოთლში ჩამოსხმული მოგვევლინა, რამაც „ჟუჟუნა" კიდევ უფრო კომფორტული და, შესაბამისად, მასშტაბური გახადა.
„ჩამოსასხმელი ხაზი 2020 წლის ზაფხულში, თიბისის დახმარებით ვიყიდეთ და 2021 წელს ბაზარზე უკვე გვქონდა ბოთლში ჩამოსხმული „ჟუჟუნა", რომლის შიგთავსიც ჩამოსასხმელისგან არ განსხვავდება. ბოთლებში ჩამოსხმამ „ჟუჟუნა" გაცილებით მოქნილი გახადა, მოვიცავით უფრო მეტი ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, დავამატეთ ბევრ ისეთ კაფეში და ბარში, სადაც ჩამოსასხმელ სისტემას ვერ ვამონტაჟებდით და ამის გამო არ ვოპერირებდით, ავითვისეთ თბილისის და საქართველოს საცალო ვაჭრობის ქსელებიც" - ამბობს „ჟუჟუნას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ტაბატაძე.
საქართველოს ბაზრის უფრო მასშტაბურად ათვისების გარდა, „ჟუჟუნას" ბოთლებში ჩამოსხმას სხვა, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეც მოყვა - კომპანიამ პროდუქტის ექსპორტზე გატანა გადაწყვიტა. დღეისათვის მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ კომპანიასთანაა დაწყებული, მათ შორის „ჟუჟუნათი" ჩინელი და იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ.
„იაპონიაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, თეიმურაზ ლეჟავას ხელშეწყობით, ერთ-ერთი თრეიდინგ კომპანია იაპონიიდან დაგვიკავშირდა და საკმაოდ დეტალური მოლაპარაკების შემდეგ, სატესტოდ 12 000 ბოთლი „ჟუჟუნა" შეგვიკვეთა. მოლაპარაკებები მიდის ჩინურ კომპანიასთანაც, მათაც გავუგზავნეთ 4 000 ბოთლი. ამ ბაზრებზე გატესტვის შემდეგ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, „ჟუჟუნა" ორივე ქვეყნის ბაზარზე გავა."
4 ადამიანის მიერ 4 წლის წინ დაწყებული ბიზნესი დღეს 14 დასაქმებულს ითვლის. თვეში კომპანია 10 ტონა ღვინოს ასხამს. წლევანდელი რთველით „ჟუჟუნამ" 80 ტონა ყურძენი დაწურა, რაც დაახლოებით 50 ტონა ღვინოს უდრის. დაფუძნებლები ამბობენ, რომ მიუხედავად განვლილი რთული გზისა, „ჟუჟუნამ" მოლოდინები სრულად გაამართლა. და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, 2022 წლიდან ქართული „ჟუჟუნა" ჯერ აზიის, შემდეგ კი ამერიკისა და ევროპის ბაზრებსაც აითვისებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები