1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს, უმთავრესია კომფორტი და ინტერიერი, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული მის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ განვაახლოთ ჩვენი საცხოვრებლის ინტერიერი, ან გამოვიცვალოთ და გადავიდეთ ახალ სახლში, რომელსაც თავიდან-ბოლომდე ჩვენი გემოვნებით მოვაწყობთ.

რემონტის დაგეგმვა თავდაპირველად ხარჯების დათვლით უნდა დაიწყოთ და  გაითვალისწინოთ, რომ განსაზღვრულ თანხებს აუცილებლად გადააჭარბებთ, ისევე როგორც დათქმულ დროს. ძირითად ხარჯებთან ერთად მხედველობაში იქონიეთ გადაზიდვის, ადგილზე მიტანისა და მონტაჟის, ინტერიერის მოსაწყობად საჭირო ბოლო შტრიხების - ჩამრთველების, სახელურების, სამაგრებისა და ა.შ ღირებულებები. დაფიქრდით, დგას კი მთლიანი სახლის გარემონტების აუცილებლობა? თუ კონკრეტული ოთახების განახლებით შეძლებთ საქმის ადვილად მოგვარებას. 

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ზოგიერთ ოთახში მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევა სრულიად საკმარისია, თუმცა აღმოჩნდეს, რომ საქმე ბევრად უფრო რთულადაა და კაპიტალურ შეკეთებასა და განახლებას საჭიროებდეს. მაგალითად, აბაზანის რემონტის დაწყებისას არც კი ფიქრობდეთ, რომ სანტექნიკა წესრიგში არ გაქვთ, სინამდვილეში კი ყველაფერი გამოსაცვლელი იყოს.

სანამ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შეუდგებით გაიხსენეთ, იქნებ თქვენ თავადაც გაქვთ გამოცდილება ან უნარები იმისთვის, რომ გარკვეული საქმე თვითონ გააკეთოთ, უამრავი წვრილმანია, რომლის თქვენი ხელით გაკეთებითაც ძალიან მოხერხებულად აირიდებთ ზედმეტ ხარჯებს.

მთავარი ყურადღება ხელოსნების შერჩევას დაუთმეთ. საბედნიეროდ, დღესდღეობით უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის წყალობით. აქცენტს ნუ გააკეთებთ ფასის ეკონომიაზე, მთავარია ხელოსანს მტკიცე და საიმედო რეკომენდაციები უმაგრებდეს ზურგს.

რემონტის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით კარგად იცოდეთ რა გსურთ, როგორია თქვენი მოლოდინები და დეტალურად გათვალოთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც ინტერიერს სისრულეში მოიყვანს. ინტერნეტში სხვადასხვა ბლოგების, ფოტოებისა და რჩევების თვალიერებასთან ერთად ძალიან დაგეხმარებათ ავეჯისა და სარემონტო მასალების მაღაზიებში მოწყობილი შოურუმები. არჩევანის გაკეთებას საკმაოდ გაგიადვილებთ უკვე აწყობილი სეტები, რომლებიც დიდი ალბათობით, გამოცდილი დიზაინერების რეკომენდაციებით მოჰყავთ სისრულეში. ფერების, მასალისა და ტექსტურის შეხამება არც თუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ ეს ხრიკი ნამდვილად გამოგადგებათ.

ნუ გადაუხდით ხელოსნებს წინასწარ, საქმის დასრულებამდე! გაითვალისწინეთ, ასე შეიძლება დრო იმაზე მეტად გაიწელოს ვიდრე წარმოგედგინათ. რაც შეეხება სამშენებლო და სარემონტო მასალების ფასებს, გირჩევთ ხარისხის, დიზაინისა და ღირებულების გათვალისწინებით ბაზარზე არსებული ვარიანტები გულდასმით შეისწავლოთ და მხოლოდ ამის  შემდეგ შეარჩიოთ მათგან ოპტიმალური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები