1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პარტნიორობა ქალთა გაძლიერებისათვის - UNFPA-ს, FAO-ს და ლიბერთი ბანკის ახალი ინიციატივა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ინიციატივის განხორციელების საწყის ეტაპზე, შეხვედრები გაიმართება შიდა ქართლში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარაში და 300-მდე ქალს მოიცავს.

2020 წლის 16 აგვისტოს, პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში გაიმართა და ატენის თემის მკვიდრი ორმოცამდე ქალი შეკრიბა, რომლებიც  გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩვეა) გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა, მათი ინფორმირება არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავზარდოთ თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა წრე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტ ქალს მივწვდეთ, რათა ისინი არ დარჩნენ განვითარების ტალღის მიღმა. მოხარული ვართ, რომ ლიბერთი ბანკმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესმა, გადაწყვიტა ინვესტიციის ამ მიმართულებით განხორციელება და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროცესში ჩაერთო ჩვენთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

"სოფლად მცხოვრებ ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროცესებში როგორც შინამეურნეობების, ისე - ქვეყნის დონეზე. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ქალთა აქტიურ, თანასწორ ჩართულობასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მათი გაძლიერება კი მიიღწევა ბარიერების გამოვლენითა და დაძლევით, ინფორმირებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვითა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა სოფლად მცხოვრებ ქალებს სოციალურ ღონისძიებებში ჩართვის, მხარდამჭერი ქსელების გაფართოებისა და საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალება მიეცეთ,’’ აღნიშნა  გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

" ლიბერთი ბანკმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში  დავიწყეთ შეხვედრები,  სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის. ლიბერთი უწყვეტად აგრძელებს  სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს  საბანკო პროდუქტების შესახებ  ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მისასალმებელია,რომ ამ პროექტებს დღეს  არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატა. 

ვიმედოვნებთ,  პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განვავითარებთ ახალ პროექტებს ქალების გაძლიერების, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალებისთვის საბანკო სერვისების გაცნობისა და მაქსიმალურად გამოყენების მიმართულებით.“- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სწორედ სოფლად მცხოვრები ქალები დგანან. 2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სწორედ ქალთა გაძლიერება წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები