0 1 : 0 4
 | 

ბიზნესი

რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების განზრახვის - გრიგოლ გეგელია

ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულებას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გრიგოლ გეგელია ეხმაურება. 

მისი თქმით,  რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია  „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების განზრახვის, რომ ისინი ხელს უწყობენ   რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესს.  

„რუსული ტამანის პორტის გახსნა არის  ნათელი მაგალითი იმისა,  თუ რატომ ჩაშალა მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა.  „ქართული ოცნების“  კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ნამდვილი განზრახვა სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობა.  საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დაეზარალებინა რუსული ეკონომიკური ინტერესები. სამაგიეროდ, ამას შესწირა თავისი სახელმწიფოს ინტერესები, თავისი ხალხის ინტერესები, განვითარების, მასობრივი დასაქმების, ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაათმაგების პერსპექტივა,“-განაცახადა გრიგოლ გეგელიამ. 

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ცივილიზებული მსოფლიო ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, ამის საპასუხოდ კი მმართველი გუნდი  რუსეთის ინტერესებს ქართული ინტერესების ხარჯზე ამყარებს. 

 

„მაშინ, როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო, ევროპარლამენტი, კონგრესი, სენატი, მაღალი ჩინის სამხედრო პირები თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ყველაფერი იღონა რუსული პორტის და რუსეთის ინტერესების გასამყარებლად, საუკეთესო ქართული ინტერესების ხარჯზე,“-განაცახადა გეგელიამ. 

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური, ანტისახალხო პოლიტიკის გამო, მმართველი გუნდის კაპიტულანტური ხელისუფლება  შემოდგომაზე  დასრულდება და ანაკლიის პორტი ქართული ოცნების გარეშე აშენდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები