1 4 : 4 8
 | 

ბიზნესი

თამარ ჩერგოლეიშვილი: „დავით გარეჯის ნაწილი, მხოლოდ ნაწილი, მართლაც ყვება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე პოსტით ეხმაურება. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. მისი თქმით, დღევანდელი საზღვრები საბჭოთა კავშირის პერიოდშია დადგენილი და ამ საზღვრების მიხედვით, დავით გარეჯის გარკვეული ნაწილი მართლაც არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.


„მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება დავით გარეჯის თემის გაშუქებისას. ძალიან მნიშვნელოვანია, მაყურებელმა მიიღოს ინფორმაცია, რომ დღევანდელი საზღვრები არის საბჭოთა კავშირის პერიოდში დადგენილი და დავით გარეჯის ნაწილი, მხოლოდ ნაწილი, მართლაც ყვება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ზუსტად ისე, როგორც ქართული კულტურის სხვა ძეგლებია მოყოლილი სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე საზღვრების ცვლილებების შედეგად. იაფფასიანი სენსაციონალიზმი ამჯერად სცდება გემოვნების ფარგლებს და დიდი რისკის მატარებელია.


P.S. მეგობრის კედელზე კითხვას გადავაწყდი, რუსეთთან რატომ არ იჩენ იგივე სიფრთხილეს, რასაც აზერბაიჯანთანო. სერიოზული პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რომ ყვება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ესეც რუსეთის და საბჭოთა ოკუპაციის ბრალია და თუ ვინმეს ვთხოვთ პასუხს, რუსეთს უნდა მოვთხოვოთ - მაგრამ დამოუკიდებლობა როცა მოვიპოვეთ, შევთანხმდით, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილ საზღვრებში გავაგრძელებდით ცხოვრებას.


აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საბჭოთა საზღვრებითაც საქართველოა და შეთანხმებული საზღვრები რუსეთს აქვს დარღვეული. ეს - სერიოზული პასუხი.

უფრო სერიოზული პასუხი კი ისაა, რომ სწორედ ეს კითხვები რომ დაისვას, იმისთვისაა ხელოვნურად აგორებული ეს თემა,“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

მისივე თქმით, ამ ყველაფერში საქართველოს პრეზიდენტი კრემლის მარიონეტის ფუნქციას ასრულებს და თემას აღვივებს. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სანამ პრეზიდენტი სენსიტიურ თემებს წინ წამოწევს, ჯერ მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.


„პრეზიდენტი ზურაბიშვილი კრემლის მარიონეტის ფუნქციას ასრულებს ამ თემის გაღვივებაში. როცა ხარ სახელმწიფო ინსტიტუტი და არა უბრალოდ ვიღაც სალომე ზურაბიშვილი, თემებს სანამ დაძრავ, მითუმეტეს სენსიტიურ თემებს, გადიხარ მაინც წინასწარ იმ მთავრობასთან, რომელმაც მოგათრია.


მაგალითად, როცა ძრავ ინგილოების თემას - მანამდე ელაპარაკები მთავრობას და ამოწმებ, რა კომუნიკაცია აქვს ამ საკითხზე მთავრობას აზერბაიჯანთან, წინასწარ იცი, რა ნაბიჯი მოყვება, იცი რაღაც ზომების შესახებ. მითუმეტეს, როდესაც ტერიტორიის საკითხს ძრავ ასეთ სენსიტიურ თემაზე - დავით გარეჯზე. წინასწარ ვინმეს კითხა მთავრობაში, ეს საკითხი გადასაჭრელია და რას ვაპირებთო? რამე გეგმა არსებობდა? რამე end game-ს ხედავდა რომ "ააფეთქა"?


მერე მოტრიალდება და რუსეთის რეგულარული არმია რომ გბომბავდათ და უპასუხეთ - ეგ პროვოკაციაზე წამოგება იყო, ომი საქართველომ დაიწყოო იტყვის. მოწმენდილ ცაზე პრობლემა შექმნა,“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები