1 5 : 4 7
 | 

ბიზნესი

მამა პეტრე: აზერბაიჯანელები ჩვენი მეგობრები არიან და ერთმანეთს გული არ უნდა ვატკინოთ!

ბოლო დროს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების ნაწილსა და სასულიერო პირებს შორის  არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ამ საკითხზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა პეტრემ (კოლხი) ვრცელი კომენტარი გააკეთა: 

-         ფიქრობთ თუ არა, რომ გარკვეული სასულიერო პირების განცხადებები, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამწვავებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს? 

-         ალბათ, მეუფე იობის გამოსვლას და ქადაგებას გულისხმობთ, რომელმაც დავით გარეჯის ლიტურგიის ჩატარებისთანავე ამბიონზე იქადაგა. მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ვთქვა, მეუფე იობი არის ადამიანი, ვისაც გულწრფელად უყვარს თავისი ქვეყანა, ვისაც გულწრფელად უყვარს თავისი ეკლესია, მაგრამ, ამის ფონზე, მაინც ვფიქრობ, რომ ემოციურად გამოუვიდა იმ სიტყვების თქმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეუფე იობს რამე შეეშალა, პირიქით, მისი პათოსი, მისი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი აბსოლუტურად მისაღებია და მე მას არ ვემიჯნები. მაგრამ, მე ვემიჯნები იმ აზრს, რომ აზერბაიჯანელები არ არიან ჩვენი მეგობრები. ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი და უცხო ტომის მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან კარგი და სამაგალითო ქრისტიანები არიან. ამიტომ, ჩემთვის ადამინების გამორჩევა ეროვნული ნიშნით არ ხდება. შეიძლება აზერბაიჯანელი და სომეხიც იყოს მართლმადიდებელი და სარწმუნოების ღირსეული დამცველი და ჩვენ, ქართველები, სარწმუნოებას ვაკნინებდეთ. ვამბობდეთ, აზერბაიჯანელები ჩვენი მეგობრები არ არიან, მათთან მეგობრული კავშირი არ უნდა დავამყაროთ, ბუნებრივია, ამით მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს კი არ ვუქმნით საფრთხეს, არამედ, საფრთხეს ვუქმნით ჩვენს მეგობრულ ურთიერთობასა და იმ მრავალსაუკუნოვან დამოკიდებულებას და კავშირს, რომელიც ამ სახელმწიფოსთან გაგვაჩნია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის ნახევარი აზერბაიჯანელია. ჩვენ მათთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. და ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი გამოვიდა ინიციატივით, სოციალურ ქსელშიც, სადაც აფიქსირებენ მკვეთრ პოზიციას, რომ დავით გარეჯი საქართველოა. ეს მისასალმებელი ფაქტია. მე მეუფე იობის დამოკიდებულებას და მის სიყვარულს სარწმუნოებისადმი და ქვეყნისადმი კი არ ვემიჯნები, მე ვემიჯნები იმ ადამიანების დამოკიდებულებას, რომლებსაც სარწმუნოების დაცვა ჰგონიათ აგრესიის გამოვლენა და გამოხატვა,  მუშტი კრივზე გადასვლა, ლანძღვა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის გამო. ეს ის მარგინალური მხარეა, რომელიც მეუფე იობის გულწრფელობასაც იყენებს და თვლიან, რომ, თურმე, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, ყველა უნდა ჩავქოლოთ, ყველა უნდა მოვკვეთოთ, ყველა უნდა გავანადგუროთ. ბუნებრივია, ეს წინააღმდეგობაში შეგვიყვანს, პრობლემას კი არ მოაგვარებს, უფრო მეტად მტკივნეულს გახდის და, შესაძლოა, ეს დაპირისპირება უფრო მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 

-         რა პოზიცია გაქვთ პირადად თქვენ აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენად სწორია, ამ ქვეყანას ვუწოდოთ ოკუპანტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფონზე, მაშინ როცა რუსეთ ჩვენი ტერიტორიები 20% ოკუპირებული აქვს? 

-         მე ვთვლი, ყველაზე სწორი ფორმა იქნება, ორივე მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთხელ და სამუდამოდ, უმტკივნეულოდ გადავწყვიტოთ, რომ დავით გარეჯის მონასტერი დარჩეს ქართულ მხარეს. რამეთუ, ამით მხოლოდ ქართველებს კი არ გაანაწყენებენ, არამედ აზერბაიჯანელ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ საქართველოში და მათთვის საქართველო არის პირველი სამშობლო. სწორედ მათ არ უნდა ატკინონ გული. თქვენ იცით, ახალგაზრდებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოაკრეს დავით გარეჯის ლავრას, მაგრამ ამით აზერბაიჯანულ მხარეს კი არ ვაფრთხილებთ, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, რომ მან გადადგას ქმედითი ნაბიჯები და უმტკივნეულოდ, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს საკითხი და საფრთხე არასდროს შეექმნას დავით გარეჯის ლავრაში ჩასულ მომლოცველს და არ გაჩნდეს კითხვები, დავით გარეჯი არის თუ არა საქართველო! და ცალსახად, დავით გარეჯი საქართველოა! ერთი ცის ქვეშ, ერთ ქვეყანაში, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ ქართველი, აზერბაიჯანელები და სომხები, ამიტომ ყველა პრობლემა უმტკივნეულოდ უნდა გადავჭრათ, რადგან დავით გარეჯი არასდროს არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ქვემო ქართლის რელიგიური მოზაიკა მრავალფეროვანია. ამით მარტო დავით გარეჯს კი არა, ქვემო ქართლის მოსახლეობასაც შევუქმნით საფრთხეს და მეტი დაფიქრება, მეტი სერიოზულობა გვმართებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტიპის პრობლემები არ შეიქმნას მოსახლეობას შორის და ეს ყველაფერი მასშტაბურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. 

-         ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? 

-         აქ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და სწორედ მან უმტკივნეულოდ უნდა გადადგას ნაბიჯი და ღირსეულად დადგეს მისი ეკლესიის გვერდით. არ უღალატოს ქართული ეკლესიის თავისუფალ ნებას და დამოუკიდებლობას, რომ ეს ტერიტორიები, რომელიც დავით გარეჯის შემადგენლობაშია, ისტორიულად არის ქართული მხარე და ამაზე დავა სამუდამოდ უნდა შეწყდეს. ჩემთვის ამ საკითხისადმი პატრიარქის დამოკიდებულება არის ყველაზე პროგრესული. გონივრული და ყველაზე მომზადებული. პატრიარქმა თავისი გული გონიერით და სიბრძნით რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში მუსლიმი რელიგიის ლიდერი მიიღო და გულში ჩაიკრა. სწორედ ეს არის ჩემთვის ქრისტიანული ქმედება და ნაბიჯი, რომელიც იმის წინაპირობაა, რომ ამ პროცესის მოგვარება უმტკივნეულოდ მოხდეს და ქირურგიული ჩარევა არ გახდეს საჭირო.  არ ვემიჯნები იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია. მე ვადასტურებ ამ პოზიციას, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსულმა მხარემ, საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა სარჩულად გამოიყენა და ამით ჩვენ ქვეყანას უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე - არაქრისტიანულმა სახელმწიფოებმა.  ჩვენ თავი დავაღწიეთ ოსმალებს, ყიზილბაშებს, მაგრამ დღემდე, სამწუხაროდ თავი ვერ დავაღწიეთ რუსულ მხარეს. ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვეჭიდებოდით იმას, რომ ის არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, მაგრამ რუსეთმა სწორედ თავისი მართლმადიდებლობა გამოიყენა შირმად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განადგურებისთვის. იგივე ფაქტი სხვა სახელმწიფოებთან რომ არ მოხდეს, უფრო მეტი გონივრული ნაბიჯები, დაფიქრებაა საჭირო და აუცილებელი, რადგან ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გაგვაჩნია, რომ ნამდვილად არ გჭირდება დამატებითი პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×