2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული საგალობლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საქართველო ფრანკფურტში ქართული გალობის ორი უნიკალური კრებულით წარსდგა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებიდან - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

მნიშვენლოვანია, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ფონდ "ქართულ გალობასთან" ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სპეციალურად ქართული ტრადიციული საგალობლების ორი კრებული მოამზადა: "ქართული საგალობლების კრებული" და "შენ ხარ ვენახი". ქართული საგალობლების კრებული" საქართველოს ყოველი კუთხის საგალობლის ნიმუშსა და სანოტო ჩანაწერს მოიცავს. გამოცემაში „შენ ხარ ვენახი“ წარმოდგენილია ამ საგალობლის 21 ვარიანტის სანოტო ჩანაწერი, რომელთაგან 14-ის აუდიოჩანაწერი შესულია თანდართულ აუდიოალბომში (მათ შორის „რუსთავის“, „ბასიანის“ და სხვა)“სწორედ, ამ უნიკალური გამოცემებით ქართული პროფესიული მუსიკა სათანადოდ წარმოჩნდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

„ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე ქვეყნის საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა, ეს იყო უდიდესი შანსი, ჩვენი კულტურა და ლიტერატურა გაეცნო ევროპასა და მსოფლიოს. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა სრულად წარმოეჩინა თავისი კულტურული რესურსი. სხვა მნიშნელოვან გამოცემებთან ერთად დიდი პატივი იყო ჩვენი გამოცემებიც გასულიყო ქვეყნის გარეთ და დაბეჭდილიყო ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის გამომცემლობაში, რომელიც თავად უზრუნველყოფს მათ გავრცელებას და ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში. ფესტივალი საზეიმოდ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნეს. წელს, ტრადიციულად, საქართველო ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენი გამოცემებიც ამშვენებდა,“ - შთაბეჭდილებებზე საუბრობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

"ქართული საგალობლების კრებულში" წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული კულტურის წიაღში განვითარებული შუა საუკუნეების პროფესიული მუსიკის ნიმუშები – პოლიფონიური საგალობლები. მას პროფესიონალი მელოდოსი-ჰიმნოგრაფები თხზავდნენ და ძველი მუსიკალური დამწერლობით – ერთიანი ქართული ნევმური სისტემით - იწერდნენ. XIX საუკუნის ბოლოს საგალობლები ნოტებზე გადაიღეს. მხატვრული ღირებულებით, პოლიფონიური და ჰარმონიული აზროვნებით გამორჩეული ქართული საგალობლები დღეს ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდ ინტერესს იწვევს. იგი სრულდება არა მარტო ღვთისმსახურებაში, არამედ სცენაზე - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
"შენ ხარ ვენახი" ეძღვნება ერთ საგალობელს, ქართული გალობის სიმბოლოდ ქცეულ ღვთისმშობლის ჰიმნს, რომლის ავტორია მეფე დემეტრე პირველი - ბაგრატიონი. ეს რენესანსული სულით გამსჭვალული ქმნილება მსოფლიოს გააცნობს ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ უძვირფასეს მარგალიტს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას (Frankfurter Buchmesse) 500-წლიანი ისტორია აქვს. იგი ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება, 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. წელს, საქართველო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსის წარსდგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები