1 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო. ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. 

საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპები წარადგინა, რომლებიც მომავალში ბიზნესების ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას შეუწყობს ხელს. პირველი ადგილი: გუნდი - SystemJet პროდუქტი - SystemJet პროდუქტი სილამაზის სალონებსა და ესთეტიკ ცენტრებს საშუალებას მისცემს გააანალიზონ საკუთარი ბიზნესი, აწარმოონ ჯავშნები მულტიფუნქციურ კალენდარში, შექმნან მომხმარებელთა ბაზა, დაეკონტაქტონ კლიენტებს SMS-ების საშუალებით პროგრამიდან გაუსვლელად, აკონტროლონ თანხების შემოდინება-გადინება, პროდუქტების მართვის სისტემა, ანალიტიკა, სტატისტიკური დიაგრამები თუ მონაცემები. 

 მეორე ადგილი: გუნდი - VOBI პროდუქტი - InvoiceWave ეს არის ფინანსური დოკუმენტების, შემოსავლებისა და ხარჯების მართვისათვის განკუთვნილი მარტივი ხელსაწყო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებსა და ფრილანს სპეციალისტებს ინვოისირების ავტომატიზაციის საშუალებას მისცემს. პროდუქტი ადვილად მოხმარებადი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის და არ საჭიროებს სპეციალური კვალიფიკაციის მქონე ბუღალტერსა თუ ფინანსისტს. 

 მესამე ადგილი: გუნდი - CONTRACTS.GE პროდუქტი - CONTRACTS.GE პროდუქტის დახმარებით შესაძლებელი გახდება ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი იურიდიული დოკუმენტები ადამიანი იურისტის გარეშე, კიბერ იურისტის მიერ დასმულ კითხვებზე მომხმარებლის პასუხების საფუძველზე, რამდენიმე წუთში მომზადდეს. პროექტის მთავარმა პარტნიორმა - ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) - გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი 15 000 ლარით დააჯილდოვა. 

 „EFSE ძალიან ამაყია, რომ ფინანსურად დააჯილდოვა და მხარს უჭერს იმ ახალგაზრდა, ინოვაციურ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართულ სამეწარმეო სფეროში. თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს მუდმივად უდგას მხარში ფინანსურთან ერთად არაფინანსური სერვისებით. ეს მიდგომა კი თანხვედრაშია EFSE-ს მისიასთან - გაზარდოს რეგიონში მეწარმეების ცნობიერება და ადგილობრივი ბიზნესების შესაძლებლოები. გამარჯვებული პროდუქტები სხვადასხვა ბიზნესებს დროისა და ფულის დაზოგვაში დაეხმარებიან. 

ჩვენი მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა მათ არა მარტო ხელმისაწვდომს, არამედ ადგილობრივი ბიზნესების საჭიროებებთან კიდევ უფრო ადაპტირებულს ხდის.“ - მარკუს აშენდორფი, EFSE-ს განვითარების პროგრამის კომიტეტის თავმჯდომარე.

 კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე - Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებს ბიზნესებთან აკავშირებს და სადაც კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და აღმოაჩინონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა - კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი. 

 პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფარგლებში შექმნილ პროდუქტებთან ერთად, თიბისი ბანკმა აუდიტორიას ბიზნესკლიენტებისათვის განახლებული ინტერნეტბანკი წარუდგინა. თანამედროვე ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისი ინტერნეტბანკი იურიდიულ პირებს გაუმჯობესებულ ფუნქციონალს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე მომხმარებელზე უკეთ მორგებულ, სწრაფ და გამარტივებულ ინტერფეისს, მარტივად ნავიგაციისა და ძებნის უნივერსალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის თითოეულ ეტაპზე თიბისი ბანკის ბიზნესკლიენტები თავად იყვნენ ჩართულები და ინტერნეტბანკი მათი რჩევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განახლდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები