1 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ქართულ ფილმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. კინოსტუდიის 4 პავილიონში სტუდიის საცავებში დაცული კინოკოსტიუმები, ისტორიული კინოგადამღები ტექნიკა, იარაღ-საჭურველი, რეკვიზიტები, უნიკალური კინოაფიშები და კინოესკიზები გამოიფინა.

საიუბილეო საღამოსთვის 11 კინოკამერას 3 თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სტუმრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი უნიკალური კამერაც იხილეს.
 ღონისძიებაზე კინოსტუდიის საცავებში დაცული 2500 ესკიზიდან ბოლო 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა კოლექციებიდან მოპოვებული მასალა იყო წარმოდგენილი.

საღამო სტუდიის ფოიეში „ქართული ფილმისა“ და სტუდია „მემატიანეს“ ვიდეო და ფოტო ფონდის უნიკალური მასალების ჩვენებამ და ქართული კინომუსიკის კონცერტმა გააფორმა. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სივრცეში ქართული კინოს 110 წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენის დათვალიერება მსურველებს 3 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი - ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ნამუშევარი - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 1912 წელს გამოვიდა. თუმცა, ქართული კინოს დაბადების ოფიციალური თარიღი 1908 წლის 15 მაისია, როდესაც ბაქოში ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილის) გადაღებული პირველი კინოკადრების ჩვენება შედგა.

ეს კინოკადრები მაშინდელ საზოგადეობაში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“, „ბაქოს ბაზრები“, „ქუთაისის პეიზაჟები“, „ბაქოს ჭაბურღილები“, „ქარვასლა“, „თბილისის აბანოები“, „თბილისის მუშთაიდი“. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი კი „ქრისტინეა“, რომელიც რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო.

ქართული კინოს ისტორიის მანძილზე 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმია შექმნილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები