0 8 : 0 0
 | 

მსოფლიო

ივანიშვილი ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ა.წ. 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც "ქართუ ბანკიდან” ფინანსდება.  ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა." ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×