0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

36 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე

ჩამოტვირთვა

ამ ადამიანის ცხოვრებამ ციცინათელას ნათებასავით გაიელვა და 1998 წელს, 36 წლის ასაკში სამწუხაროდ ჩაქრა... 14 წლის წინ დატრიალებული ეს ტრაგედია დღემდე ახსოვთ. მისი სახელის ხსენება დღემდე სევდას იწვევს..... დიდი, სიცოცხლით სავსე მწვანე თვალები და სიმღერები - „სულ ზევით, ზევით“ და „სულ ყველაზე ლამაზი“ - მისი სავიზიტო ბარათებია. 90-იანი წლების ქართულ ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ სწორედ მან დადგა. მომღიმარი და ხალისიანი მომღერალი ყველას უყვარდა. ეს ადამიანი მუდამ ჩქარობდა, ამიტომაც მისმა ცხოვრებამაც „იჩქარა“. ლელას 20 წლის ქალიშვილი, თამუნა მოსიძეც სწორედ იმას ამბობს, რომ „ემოციურს და ფეთქებადს სულ ეჩქარებოდაო“. აი როგორ იხსენებს ლელას ქალიშვილი დედას „პრაიმტაიმში“ 2011 წლის აპრილში... დედა რომ გარდაეცვალა, რვა წლის იყო. მშობლის მიმართ არანორმალური სიყვარული მქონდა. ლელასავით არავინ მყვარებია. თითქოს სხვანაირი სიყვარულით მიყვარდა. მამას რომ გაეყარა, მე ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდი. თუ მეტყოდა გამოვალო და ვერ გამოვიდოდა, მწყინდა. მაგრამ რომ დავინახავდი, უკვე მავიწყდებოდა. სულ ლელას დეფიციტი მქონდა. მის პოპულარობას ვერ აღვიქვამდი, მაგრამ დედაჩემია-მეთქი, ყველგან ამაყად ვამბობდი. პატარაობაში, იმის ნაცვლად, რომ დამეძინა, დედას ღამღამობით ჯაზ-კლუბებში დავყავდი. მიდი, დე, იცეკვეო და მაცეკვებდა. სარკესთან უყვარდა დგომა. მშვიდსა და სერიოზულს ვერასდროს ნახავდით. მეგობრებშიც, ჭამაშიც, სიმღერაშიც და სიყვარულშიც არანორმალური იყო. ბიძაჩემის სახლში მეგობრებთან ერთად ქეიფის დროს ასეთი რამ თქვა - რომ მოვკვდები, ამ სახლიდან თეთრი სასახლით გამასვენეთო. სურვილი ავუსრულეთ.“ მომღერალს ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ბესო მოსიძისგან ჰყავს. მათი გაყრის დეტალებს თამუნა დღემდე იკვლევს. „როცა დედა და მამა გაიყარნენ, სამი წლის ვიყავი. მათი კონფლიქტი მე არ მახსოვს. სხვათა შორის, ლელას ბავშვობის მეგობრებს დღემდე ვეკითხები - არ უყვარდათ ერთმანეთი-მეთქი? ყველა მპასუხობს, ძალიან უყვარდათო. ცოტა ხნის წინ წელიწად ნახევარი მამასთან მადრიდში ვცხოვრობდი. ოჯახი არ ჰყავს. დედას ძალიან მამსგავსებს. სულ ლელაზე მელაპარაკება. სასაფლაოზე ერთად დავდივართ. ბრაზობს, ნეტა დედა გყოლოდა გვერდითო. ხშირად მეუბნება, ნეტა, მე არ ვიყო და დედა გყავდესო.“ ოჯახის დანგრევის შემდეგ ლელა სიხარულიძის ცხოვრებაში გია გოგორიშვილი გამოჩნდა. წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდა. გიას მაშინ ცოლი ჰყავდა... „ლელას გია ძალიან უყვარდა. დედა ძალიან მიყვარდა და ეგოისტურად განვეწყვე . გიამ გამომიარა, უნდა წავიდეო, რომ ამბობდა, ვბრაზობდი. როცა გავიცანი, მომეწონა. მოგვიანებით შემიყვარდა კიდეც. ერთად დაახლოებით ოთხი წელი იცხოვრეს. მე მესმის მათი სიყვარულის. ახლა უფრო და უფრო ვხდები და ვუგებ მათ. დედას მამაც უყვარდა, მაგრამ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. მაგრამ გია და ლელა უფრო ჰგავდნენ რაღაცით ერთმანეთს. გია ლელას პროდიუსერი იყო. სხვა ჩემს ადგილას გიას შეიძულებდა, მაგრამ არა... ტრაგედიას, რომელმაც მაშინ სრულიად საქართველო შეძრა, ორი თვით ადრე, რვა წლის თამუნას სიზმარი უძღოდა... „ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავი. ლელას ველოდებოდით, რომ ბათუმში წავეყვანე. ერთ დღეს მოვიდა ნათესავი და გვითხრა, ლელას ხელი დაეწვა და უნდა, რომ დედა მის გვერდით იყოსო. ბებო მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული იყო მის თავს. 17 აგვისტო იყო... მანამდე კი, 12 ივნისს, სიზმარი დამესიზმრა - ლელას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინ ეს სიზმარი ყველას მოვუყევი... სახე არ ჰქონდა დამწვარი. ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი და ორგანოები დაზიანებული. ექიმს უთქვამს, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებსო, დედამ 36 დღე გაძლო... არ უნდოდა სიკვდილი და ექიმთან ერთად იბრძოდა. ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, გონება ბოლომდე არ დაუკარგავს. 36-ე დღეს კი დაკარგა თუ არა გონება, იმ დღესვე გარდაიცვალა...“ ამ ტრაგედიას ორი ვერსია ახლდა თან. ლელას მიერ საავადმყოფოში მიცემული ინტერვიუს თანახმად, სახლში ის და გია ჩხუბობდნენ. ჩხუბისას ხელიდან გაუვარდა გენერატორი, ხალიჩაზე ბენზინი დაიღვარა და უცებ გაჩნდა ცეცხლი. გარეთ გამოვარდნენ, მაგრამ ლელა ისევ შებრუნებულა, მინიდისკების გამოსატანად, რომელზეც სიმღერები და ფონოგრამები ჰქონდა ჩაწერილი. მაშინ დამწვარა, ვერ გამოუსწრია. მეორე ვერსიის თანახმად, გიამ თავის ცოლთან დაბრუნება გადაწყვიტა, ამიტომ იჩხუბეს და ლელამ თავი დაიწვაო... „არა მგონია ლელას თავი დაეწვა. თავისი თავი ძალიან უყვარდა. თანაც მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო. ბოლო დაბადების დღეზე, პირველ ივლისს, ანუ ტრაგედიამდე თვენახევრით ადრე, ხმამაღლა გამოაცხადა - ყველაზე ბედნიერი ვარ და რამე ცუდი არ დამემართოსო. ეტყობა გული რაღაცას უგრძნობდა, მართლაც ასე მოხდა. პოპულარობის ზენიტში იყო, ჰყავდა შვილი, საყვარელი მამაკაცი, ყველას უყვარდა, მაგრამ ეს ტრაგედია მოხდა... მოხდა და თან გაიყოლა 36 წლის სიცოცხლით სავსე მომღერლის სიცოცხლე. ქალის, რომლის ისტორია დღემდე არავის ტოვებს გულგრილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები