1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაიკ პომპეო თბილისშია

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობას.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიაწვდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდება ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

„საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში.

„საქართველო განსაკუთრებულად აფასებს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელოვან დახმარებას პანდემიასთან გამკლავების პროცესში. საყურადღებოა, რომ ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების პროტოკოლის მაქსიმალური დაცვით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა, საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები