0 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ოპოზიციურმა გაერთიანება "ძალა ერთობაშიამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ - პოლიტიკურმა საბჭომ და გაერთიანებულ ოპოზიცია - ძალა ერთობაშიაში შემავალმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დავასახელოთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იმისთვის რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად უნდა გავიხსენოთ, მიხეილ სააკაშვილი იყო იმ გუნდის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ჩამოშლილი ქვეყანა ერთხელ უკვე აქცია სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ, შექმნა გამართული და ეფექტიანი სახელმწიფი ინსტიტუტები, დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი. ყველას გვახსოვს როგორი იყო საქართველო 2003 წელს და როგორი გახდა ის 2012 წელს, როდესაც პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა

მიხეილ სააკაშვილის რესურსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ამ რთული ვითარებიდან გამოსაყვანად.

მას აქვს ქვეყნის მართვისა და მოქალაქეებისათვის აუცილებელი რეფორმების უდიდესი გამოცდილება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანა უკრაინაში.

მას აქვს საერთაშორისო პოლიტიკური და ბიზნეს საზოგადოების დიდი აღიარება, რაც საქართველოს მიმართ საერთაშირისო მხარდაჭერას გაათმაგებს, გახსნის მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს, რაც ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია გაჩერებული ეკონომიკის ასამუშავებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, რაც აღიარებულია საერთაშორისო დასკვნებითა და ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. მას უსამართლოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და შესაბამისად მას საქართველოს პოლიტიკაში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს.

თუ გინდათ წარმატებული საქართველო, დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი ჯარი, დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას და მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

დღეს, საღამოს 9 სთ-ზე, მიხელ სააკაშვილი თავად ისაუბრებს მის გეგმებსა და ხედვებზე, როგორ გადავლახოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება და საქართველო განვითარებისა და წარმატების გზაზე დავაყენოთ" - განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები