0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 19:00-20:30 სთ-ის შუალედში არის დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებს სესიაზე გენერალური დებატების დროს მიმართავს. წელს გენერალური დებატების მთავარი თემა არის სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისთვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება.

სალომე ზურაბიშვილი 2013 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც საქართველოდან გაერო-ს ტრიბუნას დაიკავებს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიუ იორკიდან იტყობინება, უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ლიდერებს სალომე ზურაბიშვილი ინგლისურ ენაზე მიმართავს. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მიმართვის მთავარი თემა ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიება და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის როლი იქნება.

ოკუპაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ჩატარებული იმ ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების მთავარი თემაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები გაეროს შტაბბინაში მართავენ. ბოლო შეხვედრები გაიმართა ყაზახეთის, გვატემალის პრეზიდენტებთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან და ევროკავშირის პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე ეძებს ახალ გზებს და უფრო ეფექტურ საშუალებებს საოკუპაციო პროცესების შესაჩერებლად.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები