2 2 : 0 7
 | 

პოლიტიკა

ხელისუფლება 2019 წელს გამოშვებულ, 135 ავტომანქანას იყიდის, რომელიც ბიუჯეტს 9 მილიონი დაუჯდება

წყარო: რუსთავი2

9 მილიონი ლარი 135 ახალი მანქანისთვის - ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. მთავრობა მზად არის, 9 მილიონი გადაიხადოს 135 მანქანაში, რომელიც 44 სხვადასხვა უწყებისთვის არის განკუთვნილი. სატენდერო წინადადებაში წერია, რომ შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, გარბენი - არაუმეტეს 200 კმ, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ასევე მითითებულია, რომ მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების მყიდველზე გადაფორმება. შესასყიდი ავტომობილი უნდა იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

ოპოზიცია ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება მზადაა, გააგრძელოს ხალხის ფულის საკუთარი კომფორტისთვის ხარჯვა, დიაგნოზია. ოპონენტების თქმით, სისხლიანი ღამის შემდეგ, ხელისუფლება ვერც საკუთარ პასუხიმგებლობას იაზრებს და ვერც ძვირადღირებულ მანქანებსა და ფუფუნებაზე ამბობს უარს.

„ბიუროკრატიას შეფარებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები მუდმივად არ იკლებენ ფუფუნების საგნებს, ახალ მანქანებს, ახალ კაბინეტებს. 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 40 მილონ ლარზე მეტის მხოლოდ ავტომობილები იქნა და იქნება შესყიდული, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 700 ერთეულზე მეტი და ძალიან მცირე ნაწილია მათში ოპერატიული დანიშნულების მანქანები. როგორც წესი, ეს არის ახალი ჯიპები თუ სედანის ტიპის მანქანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კომფორტისთვის არის განკუთვნილი სხვადასხვა უწყების ჩინოვნიკებისთვის,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ფულს საკუთარი ფუფუნებისთვის ხარჯავენ.

„რა არის მთავარი მიზანი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების და ჩინოვნიკების, პირველ რიგში, რომ შეიქმნან მაქსიმალური კომფორტი, ჰქონდეთ მაღალი პრემია, ჰყავდეთ მაღალი გამავლობის ძვირფასი მანქანები და ყველა ის კომფორტი, რაც შეიძლება, ხალხის ხარჯზე შეიქმნან. 70 ათასი ლარი გამოდის თითოეული მანქანა საშუალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ძალიან ბევრი სოფელია საქართველოში, რომელსაც წყალიც კი არ აქვს, 70 ათასი შეიძლება იყოს საკმარისი კონკრეტული სოფლისთვის, რომელმაც 500 კომლი შეიძლება დააკმაყოფილოს წყლის უზრუნველყოფით, ამიტომ ეს ყველაფერი არის დანაშაული, რასაც ჩადის ხელისუფლება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

სამოქალაქო სექტორში მიუთითებენ, რომ რა ფერი იქნება ავტომობილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ შავი ფერის ავტომობილზე უარი თქვას, რათა ხალხი ნაკლებად გაღიზიანდეს, თუმცა სამოქალაქო სექტორში მიუთითებენ, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილებას ბიუჯეტის ფულის ხარჯვა იწვევს.

„ფერს რა მნიშვნელობა აქვს, არსებობს ღირებულება, რომელსაც გადასახადის გადამხდელები იხდიან და ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, შავი იქნება თუ თეთრი. ცხადია, მთავრობას შეიძლება, ეგონოს, რომ თეთრი ფერი უფრო ნაკლებად აღიზიანებს ხალხს, ვიდრე შავი ფერი, მაგრამ ხალხს თუ რამე აღიზიანებს, არის არამიზნობრივი ხარჯვები და ავტომობილები, რომლებიც შეიძლება, სულაც არ იყოს საჭირო,“ - განაცხადა მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ”ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელმა, გიორგი ნონიაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით ფუფუნებაზე უარს არ ამბობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ბევრი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს, მაინც გარკვეულწილად, არის დაკავშირებული ფლანგველობასთან, კორუფციის მაღალ რისკთან, სოციალურ სიდუხჭირესთან, მოსახლეობის ტოტალურ გაღატაკებასთან, ისინი მაინც აგრძელებენ თავიანთვის ფუფუნების საგნებისა და სათამაშოების შეძენას,“ - განაცხადა სახალხო მოძრაობის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ.

3 ივლისს გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით განცადება გაავრცელა შესყიდვების სააგენტომ. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მაღალი თანამდებობის პირებისთვის არ არის განკუთვნილი.

განცხადება კახა კალაძემაც გააკეთა. დედაქალაქის მერი ჯიპების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„ზოგადად, რამდენად აუცილებელია, იმასაც ვერ გეტყვით, მე მგონი, ჯიპების აუცილებლობად მე ვერ ვხედავ პირადად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები