1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი

ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური ქართული კადრი, აღარ ვსაუბრობ იმაზე, ეს რამდენად რთულია რეგიონებში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა განათლების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია რეგიონებში მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება.

„განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის განვითარება. ეკონომიკის განვითარება სწორედ განათლებაზე გადის. მეცხოველეობის დარგში ჩვენ დღესვე გვჭირდება 2000-ზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი, მაგრამ დღეს გვყავს ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანი, ვისაც შესაბამისი ცოდნა აქვს. განათლება არ უნდა იყოს კონვეერული მწარმოებელი, არამედ მორგებული უნდა იყოს დღევანდელ და ხვალინდელ პროფესიებზე , რომლებიც ეტაპობრივად გაჩნდება", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილმა კადრების მომზადების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ გადამზადების პროგრამებში კერძო კომპანიები უფრო და უფრო აქტიურად ერთვებიან.

“გაჩნდა კერძო სექტორის ინტერესი და აქტიური თანამონაწილეობა პროფესიული გადამზადების პროგრამებში. კერძო სექტორი ჩვენი პროფესიული სასწავლებლების დონეზე ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას. ჩვენ არ გვჯერა განათლების, რომელიც არ არის როგორც ეკონომიკურ მოთხოვნილებაზე მიბმული, ისე პრაქტიკულ გამოცდილებაზე", -განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რეგიონში იწყება ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა, სადაც პროფესიულ სწავლებასთან ერთად რეგიონულ დონეზე ორიენტირებული პროფესიული გადამზადებაც განხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები