1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

საქართველოს პარლამენტმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი უყარეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 102 დეპუტატმა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.

კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ასევე ინიციატივით, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500-დან 800 ლარამდე.

ამ თვალსაზრისით, ინიციატივით კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ორი ან მეტი პირის მიერ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ასევე გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

ამასთან, შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხი კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება. კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურს შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა, ცვლილებების ავტორები კი, დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები