0 4 : 3 0
 | 

პოლიტიკა

სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ბავშვის 50 ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი კვების ბარათზე დაირიცხებათ (თანხის განაღდების უფლების გარეშე)

2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ განაცხადა.

მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.

დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა.

მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია.

„თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა.

ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×