0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. თიბისი ბანკის ერთერთი  დამფუძვნებლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!



კომენტარები

მსგავსი სიახლეები