1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კლანური მმართველობა ადვოკატთა ასოციაციაში?

ადვოკატთა ნაწილი ადვოკატთა ასოციაციაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა. ისინი რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის ზოგიერთი კლანურ მმართველობაზეც მიანიშნებს.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ ზაზა ხატიაშვილის თავმჯდომარეობის დროს ადვოკატებს შორის ერთობა მეტად იგრძნობოდა და მეტად ხდებოდა მათ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება.


კობაიძის განცხადებითვე, ადვოკატთა ასოციაციაში დაახლოებით 20 კაციანი ჯგუფია, რომელიც ნებისმიერ მენეჯმენტურ საკითხში მონაწილეობს, სხვა ადვოკატები კი, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობას, ფაქტობრივად, მოკლებული არიან:


„როდესაც ზაზა ხატიაშვილი იყო ასოციაციის თავმჯდომარე, ჩემი შეფასებით, მეტად იგრძნობოდა ერთობა, მეტად იგრძნობოდა, რომ ეს დაახლოებით 5000 ადვოკატი უფრო შეკრული იყო, მეტად ხდებოდა ადვოკატის უფლებებზე და პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ასე აღარ არის. ძალიან მტკივა გული, რომ ამ ყველაფერს ვხედავ. ვხედავ ასევე მეორე ფაქტს, რომ ერთი ნაწილია ადვოკატების, დაახლოებით 10-20 კაცი, ნებისმიერ საკითხში, რაც მენეჯმენტური საკითხია, იღებს მონაწილეობას და სხვა ადვოკატები ვერ ერევიან აღნიშნულ საკითხში, ან არ ერევიან, სურვილიც არ აქვთ იმიტომ, რომ ისეთი ინფორმაცია, როგორიც უნდა ჰქონდეთ, არ გააჩნიათ. მართალია, დათო ასათიანი არ არის ცუდი პიროვნება, მე პირადად დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი, მაგრამ უფრო მეტი გაცხოველება მართებს მას, რომ ადვოკატთა კორპუსი მეტად იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ერთ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით: #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩხრეკა მიდის ისეთი, რომ ვფიქრობ, ირღვევა მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებები. ქალის და მამაკაცის ჩხრეკა ერთობლივად მიმდინარეობს. უნდა იყოს სპეციალური ოთახები და ისე უნდა იჩხრიკებოდნენ. ჩვენ - ადვოკატების გარკვეულმა ნაწილმა, ეს გავაპროტესტეთ. ამაზე ადვოკატთა ასოციაციამ ყურადღებაც არ გაამახვილა. ადვოკატის უფლებებთან მიმართებაში არ ხდება მეტი საუბარი ღიად, საჯაროდ, როცა სალაპარაკოა. ვისურვებდი, უფრო მეტად ღია იყოს ის მენეჯმენტი, რაც ადვოკატთა ასოციაციას აქვს და უფრო მეტად იყოს ადვოკატი ჩვენს ქვეყანაში დაცული. დღესაც მიმდინარეობს გარკვეულწილად რეფორმები და მისასალმებელია, მაგრამ ჩემი შეფასებით, მეტია გასაკეთებელი. როცა ზაზა ხატიაშვილი იყო, ნებისმიერი ფორმით რომ გაეგო რომ ადვოკატს უჭირს, რაიმე პრობლემა აქვს, ზაზა იყო ისეთი პიროვნება, რომ თვითონ რეკავდა, გეუბნებოდა, ჩვენი დახმარება ხომ არ გინდა. როცა მმართველი ხარ, მეტად უნდა ინტერესდებოდე, ადვოკატებში რა პრობლემებია. მითუმეტეს, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. 4 000 და 5 000 კაცი რაც არ უნდა ბევრად ჟღერდეს, რეალურად არაა ბევრი, რადგან აქედან ყველა არაა მოქმედი ადვოკატი. ამიტომ, ვფიქრობ, არაა ძნელი, ინდივიდულაურად მოხდეს მოსმენა და პრობლემების გადაწყვეტა. მოკლედ, არის პრობლემები და ამ საკითხებს მოგვარება სჭირდება“, - განუცხადა „პირველს“ ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.


„პირველი“ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელსაც ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ბოლო პერიოდში ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში აღარ ერთვება, ამის მიზეზად კი იმ პრობლემატურ საკითხებს ასახელებს, რომელიც მრავალჯერ გაჟღერებულა, თუმცა დღემდე აქტუალურია:


„მე ვარ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი, დაახლოებით 500-მა კაცმა დავაარსეთ ადვოკატთა ასოციაცია იმის გამო, რომ ბირკაიას პერიოდში იყო კორუფცია, დავაარსეთ ადვოკატთა ასოციაცია, რომელსაც წარუძღვა ზაზა ხატიაშვილი, იქ დიდი ბრძოლები გვქონდა და ა.შ. ხატიაშვილმა ბევრი რამ გააკეთა, ასოციაცია პრაქტიკულად არც არსებობდა იმ პერიოდისთვის. მე აქტიურად აღარ ვარ ჩართული საქმიანობაში. ვეწინააღმდეგები იმას, რომ აღმასრულებელ სტრუქტურაში ერთი და იგივე სახეებია, არ შეიძლება ასეთი რამ. ერთი და იგივე სახეები აღმასრულებელში, ეთიკის კომისიაში, დაუშვებელია. მაგრამ ვინაიდან ეს გრძელდება ასე, მე პრაქტიკულად ბოიკოტის გამო არ წავსულვარ ყრილობაზე.არც არავისი მეშინია. პატარა კლანური მმართველობა ვის ხელშიც არ უნდა ჩამოყალიბდეს ის, არ შეიძლება შემდეგ გავრცელდეს. ასათიანს ახლოს არ ვიცნობ, არ ვიცი, როგორ, რას მართავს, მაგრამ ბოლო პერიოდში, იგივე ხატიაშვილის პერიოდში, მე დავინახე მმართველობის რაღაც ჯგუფები... არ შეიძლება ერთი და იგივე სახე იყოს დღეს ეთიკის კომისიაში, ხვალ აღმასრულებელ საბჭოში, რა ხდება, ამდენი ადვოკატია, შემთხვევითობის პრინციპით აირჩიონ ეს ხალხი. ამიტომ, მე საერთოდ არ მაქვს კავშირი, გავიგებ, რომ არის ტრენინგები, მივდივარ. სხვანაირად მმართველობაში აღარც ვერევი, აღარ მაინტერესებს ასათიანი როგორ წარმართავს, ასე მგონია „დედა არა ჰყავს“ როგორც ეთიკის კომისიას, ისე ადვოკატთა ასოციაციას“, - განაცხადა მანანა აფხაძემ.


ადვოკატთა ასოციაციის მმართველ გუნდში წლების განმავლობაში ერთი და იგივე კოლექტივის ყოფნაზე მიუთითებს კიდევ ერთი ადვოკატი ვასო მამულაშვილი, თუმცა ამავე დროს ამბობს, რომ, როგორც ადვოკატს, ასოციაციასთან არავითარი პრობლემა არ შექმნია:


„ხატიაშვილის მარჯვენა ხელი იყო ასათიანი და ფაქტობრივად მოხდა ჩანაცვლება, ამაზე ყველა ვთანხმდებით, იგივე სისტემა გაგრძელდა და იგივე კოლექტივით რომ დაკომპლექტდა, ამაში პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ მე, როგორც ადვოკატს, პრობლემა არ შემქმნია ასოციაციასთან“, - აღნიშნავს ვასო მამულაშვილი.


„პირველი“ კიდევ ერთ ადვოკატს იასონ ბესელიას ესაუბრა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობაზე იყრიდა კენჭს. ბესელია ასოციაციაში კლანურ მმართველობას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ „უცხო ადვოკატის მიმართ გარკვეული დისტანცირების სინდრომი ჩამოყალიბდა“.


იასონ ბესელიას სხვა, როგორც თავად ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებს. მაგალითად, ერთ-ერთია ცუდი კანონმდებლობა და აქედან გამომდინარე, სამართალწარმოების დაბალი დონე. მისი შეფასებით, ადვოკატთა ასოციაციამ კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყების კუთხით, საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია თავის თავზე უნდა იტვირთოს:


„შეიძლება, ბევრი რამით კმაყოფილი არ ვიყო ადვოკატთა ასოციაციაში. მე მაგალითად თავმჯდომარეობაზე კენჭს ვიყრიდი და არჩევნების პროცედურა იმდენად სამარცხვინოდ წარიმართა, რომ ბევრი რამ შეიძლება იქ ითქვას. არჩევნების შემდეგ აბსოლუტურად ძვრა არ არის, ინერციულად რჩება ძველი მდგომარეობა. რაც იქნა მიღწეული დადებითი, მას შემდეგ ძვრა არ არის, არც გაუარესება იგრძნობა, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით მეტია გასაკეთებელი. ფუნქციონირებს ასოციაცია, მაგრამ ის, რაც მე მიმაჩნია არსებითად და ყველაზე მნიშვნელოვნად, არაფერი კეთდება. უვარგისი საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, სამართალწარმოება არის უმდაბლეს დონეზე. იმდენად ცუდი კანონმდებლობა გაქვს, რომ სამართალწარმოება ამით ძალიან ზიანდება. შესაბამისად, ადვოკატის ფუნქცია არის დაკნინებული. კანონმდებლობაზე მუშაობა არ არის ადვოკატთა ასოციაციის პირდაპირი ფუნქცია, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ სხვა ამას არავინ აკეთებს, ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია ამ თვალსაზრისით სწორედ ადვოკატთა ასოციაციამ უნდა მოახდინოს. როგორ ჩატარდა ადვოკატთა არჩევნები? მთელი არჩევნები გამოიხატა რაში - კანდიდატი ჩადის რაიონში, მართავს პურმარილს, იწერს სიას, ვინ ყავს სუფრაზე და ვინ მისცემს მას ხმას, ეს იყო არჩევნების მთელი არსი და ყრილობაზე რა საშინელება მოხდა სპორტის სასახლეში, მიკროფონით სმენადობა საერთოდ არ იყო. ანუ, კანდიდატს შეკრებილი საზოგადოება ვერ უსმენდა. ყველაფერი გადაწყდა იმ წინასწარ ხაჭაპურების და მწვადების მოტანას შორის შეკრებილი სიის მიხედვით. მწვადის სუნი და ხაჭაპურის სუნი უდიოდა ჩვენს საარჩევნო ბიულეტინებს. რაც შეეხება კლანურ მმართველობას, კლანურობას ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს ადვოკატთა ასოციაციაში, მაგრამ უცხო სხეულის მიმართ, უცხო ადვოკატის მიმართ შეიძლება ჩამოყალიბდა გარკვეული დისტანცირების სინდრომი, ასოციცია უნდა ეძებდეს ზუსტად თავის წრეში, ადვოკატთა დიდ გაერთიანებაში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც კრეატიული აზროვნება გააჩნიათ“, - განაცხადა იასონ ბესელიამ.


„პირველი“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანსაც დაუკავშირდა. ასათიანი კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში სრულიად გამჭვირვალე მმართველობაა.


„ჩვენთან ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედაა. სრულად გამჭვირვალე მმართველობაა, თავიდან ბოლომდე საჯაროა ყველაფერი და აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო კრიტიკაა. ადვოკატთა ასოციაცია იმართება არჩეული ორგანოების მიერ, რომელიც არის საერთო კრების მიერ არჩეული ლეგიტიმური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ მმართველობას.


ეთიკის კომისია წინა ეთიკის კომისიასთან შედარებით, დაახლოებით ორი მესამედითაა განახლებული. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო მოსაზრებები, რომლის უფლებაც ყველას აქვს“, - განაცხადა დავით ასათიანმა.


2017 წლის 23 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში დავით ასათიანმა 922 ხმა მიიღო. ასოციაციის წევრებმა დავით ასათიანი თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. ასათიანმა ამ პოზიციაზე ზაზა ხატიაშვილი შეცვალა, რომელიც ასოციაციას 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.


წყარო: pia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები