0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კოალიციაში "ძალა ერთობაშია" განხეთქილებაა

კოალიციაში "ძალა ერთობაშია" განხეთქილებაა. როგორც "აქცენტისთვის" გახდა ცნობილი, უთანხმოების მიზეზი კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გვიამბო, არც ისაა გამორიცხული, რომ აღნიშნულმა პროცესებმა კოალიციის დაშლა გამოიწვიოს, რადგან “გარკვეული ჯგუფი წამოსვლაზე უკვე ფიქრობს".

დეტალებში გასარკვევად "აქცენტი" კოალიციაში შემავალი ერთ–ერთი პარტიის ხელმძღვანელ ზურაბ ხარატიშვილს დაუკავშირდა.

– ბატონო ზურაბ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კოალიაციაში „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც შესაძლოა, მისი დაშლის მიზეზადაც კი იქცეს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

- მოგეხსენებათ, სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია“ შედგება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე სუბიექტებისგან. ამდენად, დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვიპოვოთ საკითხთა გადაწყვეტის კომპრომისული ვარიანტები. ყველა პრობლემა გადაჭრადია, თუ მხარეები გულწრფელად არიან ამაში დაინტერესებულები.

ჩვენი მოძრაობის უმთავრესი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური მექანიზმები ფართო სამოქალაქო მოძრაობის შესაქმნელად, რისთვისაც აუცილებელია კოალიციის მაქსიმალური ღიაობის უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, საქართველოს პოლიტიკურ ველზე მოქმედი აქტორები დახურულობისკენ არიან მიდრეკილები. ხშირად ხდება აღრევა საერთო ეროვნულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს შორის, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია ხელისუფლებაში მყოფი პარტიებისათვის. ასეთ ვითარებაში ნეგატიური პოლიტიკური ტვირთისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტების ამოცანაა, მუდმივად მოახდინონ პროცესის კორექტირება საერთო ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ და ამომრჩევლის დაკვეთის შესასრულებლად.

– ანუ, უთანხმოებები არსებობს, მაგრამ არა გადაუჭრელი პრობლემები?

- დღეს, რეალურად, შექმნილია უნიკალური შანსი, საქართველომ გაარღვიოს მოჯადოებული წრე - ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე შეცვალოს არსებული ხელისუფლება და არაკონფრონტაციული დღის წესრიგით დაიწყოს ძირეული ცვლილებების განხორციელება ქართული სახელმწიფოს მოწყობის, სამართლიანი, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და ქვეყნის დინამიური განვითარების ფუნდამენტის ჩამოსაყალიბებლად. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ აღნიშნული შესაძლებლობა შეეწირება ვიწრო პარტიულ და კერძო ინტერესებს. ეს არ არის მარტივი პროცესი და არაფერია გამორიცხული, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ წინააღმდეგობები ამჯერადაც გადაილახება.

ცნობისთვის: მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 10 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს: “ახალი საქართველოსთვის”; “ემსახურე საქართველოს”; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”; “სახელმწიფო ხალხისთვის”; “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”; “ახალი საქართველო”; “საქართველო ლიდერთა შორის”; “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”. კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

წყარო: accent.com.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები