1 7 : 4 8
 | 

პოლიტიკა

,,იუსტიცისს მინისტრის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები"- წულუკიანი თანამდებობას შეინარჩუნებს

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი მთავრობის ფორმირებაზე საუბრობს და ეკონომიკური გუნდის ცვლილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრთან ერთად ეკონომიკის მინისტრიც შეიცვლება.

გია ჟორჟოლიანი მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად თანამდებობას არ დატოვებს იუსტიციის მინისტრი. 

„მთელი რიგი პრობლემები, რომელიც არსებობს არ არის დაკავშირებული თეა წულუკიანის საქმიანობასთან, ეს დაკავშირებულია ძლიერი ინერციის არსებობასთან და საჭიროებს მართლაც, სერიოზულ ცვლილებებს. მაგრამ თეა წულუკიანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამ ცვლილებებს ვერ განახორციელებს,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანის მტკიცებით არ შეცვლიან არც შინაგან საქმეთა მინისტრს. თანამდებობას შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრიც. დეპუტატის განცხადებით, მმართველ გუნდს ძალოვან უწყებებთან პრეტენზიები არ აქვს. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი, კობა ნარჩემაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკურ გუნდში დაგეგმილ ცვლილებასთან ერთად სხვა უწყებების ხელმძღვანელებიც შეიცვალონ.

„აქ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძირითადი სამი ბლოკი. ეს არის სოციალური და კულტურული ბლოკი, ძალოვანი და ეკონომიკური. ვფიქრობ, რომ რაღაც ცვლილებები ყველას შეიძლება შეეხოს,“ - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილის თქმით, შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე წევრმა გადაინაცვლოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს. პრემიერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია.

პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

კენჭისყრამდე კი კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კი პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები