0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ირმა ნიორაძე ნინო ანანიაშვილზე: „ის ჩემთვის იყო და დარჩება ბალეტის ხელოვნების მეგავარსკვლავად და მისი არც პირველი გედობა და მით უმეტეს, არც პირველი ლედობა არ შემშურდებოდა...“

ირმა ნიორაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცნობილი ბალერინა საუბრობს აქამდე უცნობ დეტალებზე მისი ცხოვრებიდან, ასევე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო მას მოღალატეს უწოდებენ, რამაც მას ძალიან დასწყვიტა გული.

გთავაზობთ ირმა ნიორაძის სტატუსს:

„უღრმესი მადლობა ძვირფასო მეგობრებო კომენტარებისთვის სადაც მოღალატედ მომიხსენიებთ.

არ მეგონა თუ ჩემს სამშობლოში სიტყვის თავისუფლება და ჩემი დამოუკიდებელი აზრი ასე გაგაღიზიანებდათ არჩევნებთან დაკავშირებით.

დიდხანს ვფიქრობდი რა ფორმით გამეცა თქვენთვის პასუხი და ისიც კი ვიფიქრე მარცხენა ლოყაც შემომეშვირა თქვენთვის, რადგანაც ასე ვარ გაზრდილი თუმცა, ალბათ დადგა ის მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ვარდისფერ ფერებში ყველა ერთმანეთში არ აგრიოთ.

ერთხელაც მომიწია პასუხის გაცემა რუსული მედიისთვის, როდესაც რუსეთიდან დეპორტირებული ჩემი ქართველები დავიცავი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთიდან წავედი.

ჩემზე წერთ, რომ მოღალატე ვყოფილვარ, მოღალატე რომ ვიყო მართლაც არ უნდა გამაჩნდეს დამოუკიდებელი აზრი და ალბათ, თქვენთვის უნდა მეკითხა და თქვენთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის უნდა მიმეცა ხმა.

2004 წელს მე გავაკეთე ჩემი არჩევანი ჩემს სულიერებაში, მაშინაც არავის უკარნახია ასე არ მოიქცეო, არ გამიკეთებია წინასწარი გათვლებით ის არჩევანი რომელიც არა პირადად ჩემი, არამედ ჩემი ქვეყნის გამთლიანებას და ბედნიერებას ეკუთვნოდა.

მე მაშინ ჩემი ხმა ნაციონალურ მოძრაობას მივეცი და პრეზიდენტ ბატონ მიშა სააკაშვილის ინაუგურაციის კონცერტშიც მივიღე მონაწილეობა ჩვენ ცნობილ კოლეგებთან ერთად. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, რადგან გაბრწყინებული იმედის თვალებით ვუყურებდი ჩემი ქვეყნის მომავალს, თავისუფალი და მშვიდი გულით ვსუნთქავდი და სწორედ სულ მალე გადამეკეტა ეს თავისუფალი სუნთქვა.

სანქტ-პეტერბურგში, ჩემს ბინაში სპექტაკლისთვის ვემზადებოდი როდესაც თავზე ომონის სპეც რაზმი და მილიცია ერთად დამადგა, მე და ჩემი ოჯახის წევრები იატაკზე დაგვაწვინეს და ჩემს ტირილით გაოგნებულ კითხვაზე თუ რატომ ჩადიოდნენ ამას?

მათ ასე მიპასუხეს, „ეს თქვენს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰკითხეთო.” მაშინ ტანში სისხლი გამეყინა. არ მახსოვს იმ დღეს როგორ და რა ვიცეკვე ან როგორ მოვიკრიბე ძალა, მაგრამ მოგვიანებით როდესაც მიზეზი გავიგე, საერთოდ დავმუნჯდი. პრეზიდენტის განკარგულებით ჩემს სახლში, ჩემი ქმრის ძმის ცოლის დედის ძმას ეძებდნენ, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩემი ნათესავი, შესაბამისად დღემდე ვერ ვპოულობ პასუხს იმაზე თუ რა შუაში ვიყავი მე?

შემდეგ, მე და ჩემი მომღერალი და ჩარეცხილების შავ სიაში ჩაგვწერეს და მადლობა უფალს რომ არ დაგვაპატიმრეს, თუმცა ორივე დაგვბლოკეს და განსაკუთრებით გადაეკიდნენ ჩემი მეუღლის ბიზნეს და ღვინის ქარხანა დაუყადაღეს.

ჩვენ ვიცოდით ვინ აწვეთებდა ყურში ბატონ პრეზიდენტს საშინელებებს ჩვენს ოჯახზე, მაგრამ მაშინ ხომ სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა?

მე და ჩემი მეუღლე ჩვენი შრომითა და წვალებით რასაც ვიძენდით რუსეთში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სამშობლოში ვაბანდებდით, ქარხანაში სამუშაო ადგილების შექმნა სწორედ ამ შრომის ფასად გვიჯდებოდა.

2008 წლის საშინელი ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავედით. ვერ აგიღწერთ თუ როგორი რთულია, ხელცარიელი გაიქცე სახლიდან და საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის უფლების გარეშე, საზღვარგარეთ გადაიხვეწო და ნულიდან

დაიწყო ყველაფერი, თუმცა იმასაც დავაყოლებდი, რომ ამისთვის არც ბატონი მიშას წინ დავმდგარვარ მუხლებზე და მითხოვია არიქა გმირის წოდება მიბოძეთთქო და არც ბატონ ივანიშვლთან გავქცეულვარ და მიწუწუნია, ნაციონალებმა დამჩაგრეს და ხელფასი დამინიშნეთთქო.

ყველა მთავრობას რომ მოერგო და გამოიყენო, განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყო დაჯილდოვებული, რაც ვერასოდეს დაფუძნდება ჩემში.

ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ კომენტარებს, სადაც ქალბატონი ნინო ანანიაშვილის მიმართ შურში მდებენ ბრალს და ერთმანეთს უპირისპირებენ ჩვენს სახელებს. რატომ გგონიათ, რომ მე და ნინოს ერთმანეთის გვშურს? ის ჩემთვის იყო და დარჩება ბალეტის ხელოვნების მეგავარსკვლავად და მისი არც პირველი გედობა და მით უმეტეს არც პირველი ლედობა შემშურდებოდა და იცით რატომ???

პირველი იმიტო რომ, კარგად ვიცი რის ფასად ჯდება ჩვენი პროფესია, მეორე კი, არც ჩემით და არც ნინოთი დაწყებულა ჩემი ქვეყნის ისტორია და მადლობა უფალს რომ არც ჩვენით დამთავრდება ჩვენი საქართველო.

ზოგმა რიგით ნომერ მეორე ბალერინად მომიხსენია, ზოგმა ლანძღვა გინება და თუ კი რამ ბილწსიტყვაობა არსებობს არ დაიშურა და ისეთი მრისხანებით გაილაშქრა ჩემზე რომ თემურლენგს, შაჰ აბაზსა და მურვან ყრუსაც კი შეშურდებოდა მათი სისასტიკის.

რაც შეეხება რიგით ნომერ მეორე, მესამე და მეოთხე ბალერინას სახელს, დიდი ღირსებით ვატარებ, რადგან ვიცი რა წვალებით დავიწყე, ნომერი 4, 3, 2, ბალერინას შემოქმედებითი რთული გზის გავლა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ პირველი ბალერინას სახელი დამემსახურებინა.

ახლა რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არ გამიკეთებია არც იმაზე განცხადება რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე მინდა ვნახო ჩემი ქვეყანა.

მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები მარიხუანის ლეგალიზაციის, და თუ ჩემს მიერ არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ნებისმიერი სახით ავნებს ჩემს სამშობლოს, მაშინ გამოვალ და ვაღიარებ რომ მწარედ შევცდი, ისევე როგორც შევცდი 2004 წელს.

თუმცა იმაში კი მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მოღალატე მე კი არა, არამედ იმ პოლიტიკით მოაზროვნე ადამიანები არიან რომლებმაც 2008 წელს რუსეთს 60 კილომეტრში შავი ტანკები დააყენებინა ჩვენ თბილისთან.

და ბოლოს მინდა განვაცხადო, რომ ყველა ერი არ ჰგავს ერთმანეთს.

ზოგი სუფთა ევროპულ არჩევანს აკეთებს და ამით ხარობს და ამაყობს, ზოგი ჩილიმს ეწევა და საერთოდ არ დარდობს არჩევნებზე, ზოგ ერს კი საერთოდ არ აქვს ხმის ამოღების უფლება და სანამ „ვოდკას“ სვამს, ფეხზე წამოდგომით იძულებით უკრავს ტაშს თავის დიქატორ პრეზიდენტს.

და ეს არც მიკვირს, რადგან ეს მათი არჩევანია.

მაგრამ ნამდვილად არ მეგონა რომ ჩემი ერის გარკვეულ ნაწილს, ცოცხების ნოსტალგია ასე მწვავე ფორმით თუ დაუბრუდებოდა განუკურნებელი სენის სახით.

დღემდე ვაკეთებდი და გავაკეთებ იმ სიკეთეს მშვიდად, რასაც ქველმოქმედება ჰქვია, რადგანაც სამშობლოს ვერავინ წამართმევს ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტად. უფალმა შეგინდოთ და გაპატიოთ, რაც ჩემზე დაწერეთ.

მე მაინც მიყვარხართ და მეც მომიტევეთ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები