სპორტი
ლევან კობიაშვილი 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს
2012-12-18 12:35:08
ჩამოტვირთვა
ბერლინის "ჰერტას" ქართველი მცველი, ლევან კობიაშვილი 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს. როგორც ირკვევა, 35 წლის ფეხბურთელის დასჯის მიზეზი 2012 წლის მაისში, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩში არბიტრზე თავდასხმა გახდა.
სკანდალური მატჩის შემდეგ, რომელიც გამარჯვებულს პირველ ბუნდესლიგაში ადგილს უნაღდებდა, შეხვედრის არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა ლევან კობიაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
თავად ქართველმა ფეხბურთელმა ბრალდება არაერთხელ უარყო, თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მას წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მაინც მიუსაჯა.
რაც შეეხება ფულად ჯარიმას, მის გადახდას ლევან კობიაშვილი სისხლის სამართლის საქმის დახურვისთვის დათანხმდა.
როგორც მისმა ადვოკატმა, კრისტოფ შიკხარდტმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მისი კლიენტის წინააღმდეგ საქმე დაიხურება.
კომენტარები