მსოფლიო
„ყოველთვის ის ვიქნები, ვინც ვარ, რადგან მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა“
2012-05-25 20:39:38
ჩამოტვირთვა
ერთ-ერთი რაც ბავშვობაში მაწყნარებდა ფეხბურთის თამაში იყო და ახლაც ასეა: „ მომეცით ბურთი და იმის გაკეთება მაცადეთ რაც მე ვიცი“...
ხოდა აცადეს და გააკეთა კიდეც. ეს ადამიანი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძაფრად გრძნობდა მოედანზე დაღვრილი ადრენალინის სუნს. მის ცხოვრებაში აღმასვლა და დაღმასვლა სულ ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ ის დღემდე რჩება ფეხბურთის მეფედ... დიახ ეს დიეგო არმანდო მარადონაა....
უღარიბესი ბავშვობა გაატარა ფიორეტოში, მაგრამ ცხოვრებისეული სიდუხჭირის მიუხედავად, ჰქონდა უდიდესი რწმენა და დაბრკოლებების გადალახვას არ ეპუებოდა.
„ჩვენი სახლი შედგებოდა სამი ოთახისგან, ერთი იყო სამზარეულო, სადაც საჭმელი მზადდებოდა და იქვე ვაკეთებდით ყველანი საშინაო დავალებებს, მეორე ოთახი ჩვენი მშობლების იყო, აი მესამეში კი ჩვენ ყველას ერთად გვეძინა-რვავეს. როცა გაწვიმდებოდა ხოლმე, ჭერის ღრიჭოებს ვემალებოდით, იმიტომ რომ სახლში უფრო ვსველდებოდით, ვიდრე გარეთ.“
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ადამიანს რაღაც ნიჭი მაინც დაბადებიდანვე დაყვება, მაგრამ მას მიგნება და ხელშეწყობა სჭირდება. რასაც ვაკეთებთ და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იქ ჩვენი სული უნდა სჩანდეს. მარადონას ბავშვობიდანვე ჰქონდა ფეხბურთის თამაშის ნიჭი და რაც მთავარია, უყვარდა თავისი საქმე, შესაბამისად, შედეგსაც იმკიდა.
„ფიორეტოს გარეუბანში, თამაშის დროს, ერთი დიდი პრობლემა გვქონდა, ჩვენ მზის პირისპირ ვთამაშობდით. ვთამაშობდით თაკარა მზის ქვეშ და სულ არ გვადარდებდა, რომ რამე დაგვემართებოდა ...დაბნელების მერეც ვთამაშობდით. ახლა კი ზოგჯერ ფეხბურთელებისგან წუწუნიც მესმის ხოლმე, ამა და ამ მოედანს განათება აკლიაო და მეცინება, როცა მახსენდება როგორ სიბნელეში მითამაშია.
ვერასდროს იფიქრებდა, რომ მის ცხოვრებაში მოხდებოდა ის, რაც მოხდა.
12 წლის იყო, როცა „ პატარა ხახვებში“ თამაშობდა, შემდეგ მოხვდა საოცნებო პირველ დივიზიონში და მთელი ეს გზა 2 წელიწად ნახევარში განვლო. მხოლოდ 11 მატჩი პირველ დივიზიონში და უკვე ნაკრების წევრიც გახდა. 16 წლისას ინგლისი მასში მილიონ 40 000-ს დოლარს იხდიდა, მაგრამ დიდების მიუხედავად, ჯერ იყო ადამიანი და მერე ფეხბურთელი. მას არასოდეს დავიწყებია საკუთარი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და როცა ფინანსურად შეძლებული გახდა, მათ ყველა ოცნება აუხდინა.
ფეხბურთს, ისე როგორც ბიზნესს არასოდეს უყურებდა, ეს იყო მისთვის სიყვარული და სიამოვნება, ხოლო საკუთარი ქვეყნის ნაკრები ყველაზე ღირებული რამ, რასაც მთელი ქვეყნის სიმდიდრეზეც არ გაცვლიდა.
სამწუხაროდ, ყველას ცხოვრებაში დგება იმედგაცრუების ხანა, მისთვის პირველი, ყველაზე დიდი იმედგაცრუება 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, როცა განაცხადში პატარა ასაკის გამო ვერ მოხვდა, მაგრამ არასოდეს არ ნებდებოდა, ბოლომდე იბრძოდა და მართლაც... ამის შემდეგ იყო უამრავი გოლი, აღიარება და ხალხის სიყვარული.
მეორე იმედგაცრუება, როგორც თვითონ აღნიშნავს, ამერიკის მუნდიალზე დოპინგ კონტროლის დადებითი შედეგი იყო, რომელმაც სამუდამოდ გამოამშვიდობა თავის უსაყვარლეს არგენტინის ნაკრებს.
„როცა დოპინგ-კონტროლმა დადებითი პასუხი აჩვენა, უკვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა, თვალები ცრემლებით ამევსო, იმ დღეს, თითქოს, ფეხები მომაჭრეს, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ფიფამ უფრო ადრე დაიწყო, ამიტომაც დღემდე არაფერია გარკვეული იმასთან დაკავშირებით, რაც მაშინ ამერიკის მუნდიალზე მოხდა. ამიტომაც იქიდან მოყოლებული ბრძოლას ვაგრძელებ, მე მინდა რომ ყველა გზა გამოვიყენო სიმართლის დასადგენად, და როცა ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ, ფიფას კარს მაინც შევანგრევ წიხლით და ყველას მოვთხოვ პასუხს იმისთვის, რაც გამიკეთეს.
უსამართლობას ის ვერასდროს ეგუებოდა, უჩხუბია რომის პაპთანაც:
„ მე ვეჩხუბე რომის პაპს და ვეჩხუბე იმიტომ რომ საკუთარი თვალით ვნახე ვატიკანში ოქროს ჭერი, იმ დღეს მე მოვისმინე მისი სიტყვები, რომ ეკლესიამ უნდა იზრუნოს ღარიბ ბავშვებზე...თუ მართლა ღარიბებზე ფიქრობ და არა ოქროზე, მაშინ გაყიდე ის ჭერი და მართლა რამე გააკეთე ღარიბებისთვის.
აი ასეთია დიდი დიეგო მარადონა, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი, მშრომელი, პირდაპირი, უშუალო, უბრალო, მებრძოლი და მეამბოხე.
„უსამართლობას ვერასდროს შევეგუები და ყოველთვის სიმართლის მომხრე ვიქნები. ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ბავშვობის სახლი და ჩვენი სიღარიბე და ყოველთის მეცოდინება, რომ ყველაფერს შრომითა და ბრძოლით მივაღწიე, ეს მე ვარ და ვიცი, რომ ჩემს მართვას ვერავინ შეძლებს, რადგან მე ვარ იგივე, რაც ვიყავი და ყოველთვის ის ვიქნები, ვინც ვარ, რადგან მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა.
კომენტარები