მსოფლიო
ვარძელაშვილმა „ქართული სპორტის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
2012-01-26 15:37:12
ჩამოტვირთვა
16 წლის ლევან ჩიტაძე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი გასართობ– შემეცნებითი კომპიუტერული თამაშის გამარჯვებულია. ამბობს, რომ სპორტი ძალიან უყვარს და როგორც კი ახალი თამაშის შესახებ შეიტყო, საიტზე დარეგისტრირება და ტურნირში მონაწილეობის მიღება მაშინვე გადაწყვიტა. მისი თქმით, კითხვები სახალისოც იყო და რთულიც, თუმცა თავად, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ და დამწყებმა სპორტსმენმა ფეხბურთელმა ყველა სირთულეს თავი გაართვა, პირველი ტურის ლიდერი გახდა და დღეს დამსახურებული საჩუქარიც მიიღო.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დღეს გასართობ– შემეცნებითი კომპიუტერული თამაშის საუკეთესო ოთხეული დააჯილდოვა. ლევან ჩითიძეს, თამუნა ყიფიანს, გიორგი ლობჟანიძეს და გიგა გოგილავას სამინისტროსგან იოტა–რიდერი, ელექტრონული წიგნების წამკითხველი მოწყობილობა გადაეცათ, დანარჩენი ახალგაზრდები კი წიგნის მაღაზია „დიოგენესგან“ 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
გასართობ შემეცნებითი თამაში „ქართული სპორტი“ სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული. თამაშში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა ვებ–გვერდზე რეგისტრაციის გავლა და სხვა მონაწილეებზე სწრაფად პროგრამის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. სპორტულ– შემეცნებითი თამაშის კითხვები ქართული სპორტისა და სპორტსმენების სხვადასხვა წლებში მიღწეულ შედეგებსა და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს ეხება.
კომენტარები