1 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სკაიპით გადაგზავნილი დედის სიყვარული

    დედა უცხოეთშია,შენ უკვე ჯიბის ფული გაქვს, თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა. გადიხარ ქუჩაში,ყიდულობ შენს საყვარელ ტანისამოსს,მათხოვრებისთვის ფულს აღარ “ჟოშკავ”, მეგობრების წრეში თამამად ხარჯავ საჭირო თანხას.ჭამ რაც გინდა და სადაც გინდა: რესტორანში, პაბში, თუნდაც ქუჩაში. შენ უკვე აღარ ღელავ ქუჩაში რომ შეიძინე საღეჭი რეზინი, რადგან იცი, რომ სახლში ასატანი პურისთვის ფული მაინც დაგრჩება.

ფიქრობ,რომ ცხოვრებამ პირი იცვალა და მოვიდა დრო შენი ზენიტის.აბა სულ ასე ხომ არ შეიძლება?! შენი თანაკლასელები უკვე კარგა ხანია მსუყე სურვილებით ცხოვრობენ, შენ კი ამდენ ხანს დაჩაგრული იყავი. როდესაც კლასელები ბუფეტიდან დახუნძლული ბრუნდებოდნენ კუთხეში იდექი და ამწვარ კუჭზე ხელს იჭერდი,უფრო რომ არ მოგშიებოდა.

ახლა ყველაფერი შეიცვალა, შენ უკვე “მათნაირი” გახდი. შენც შეგიძლია ბუფეტში საკვები შეიძინო,მაგრამ არ იძენ. გირჩევნია სკოლის მეზობლად რომ კაფეა, იქ მიირთვა. ფულის გაჩენასთან ერთად არ გატოტოჩებულხარ და მეგობრებსაც პატიჟებ. მიირთმევთ, სვამთ, იცინით და ცხოვრებით ტკბებით.

სახლში დაბრუნებული მაღაზიიდან მოტანილ მზა საჭმელს მიირთმევ და ემზადები კინოში წასასვლელად. ფილმების არჩევანი დიდია.მას მეგობრებთან ერთად ინტერნეტით ირჩევ და კინოში მიდიხარ.

დიდი ხანი იყავი ამ სიამოვნებას მოკლებული, ამიტომ ცდილობ გაცდენილი დრო აინაზღაურო და ბოლომდე გაერთო.თუ კინოში არ მიდიხარ, რომელიმე ფართიდან ან ივენთიდან შემოთავაზება ყოველთვისაა და შენც არასოდეს ამბობ უარს.
სახლში დაბრუნებული მეცადინეობ, როცა ემოციებით დაღლილი კომპიუტერს რთავ, ხვდები რომ შენში ნანატრი “სკაიპ ქოლი” იტვირთება.

გირეკავს დედა და გეკითხება ამბავს. შენც ცდილობ, ყველაფერი დაწვრილებით და კარგად მოუყვე. გამოკლებით იმ ინფორმაციისა, რომლის თქმაც არ “გაწყობს”. საუბარი ძირითადად მცირე ხნიანია, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
არ იცი რატომ, მაგრამ გინდა ის კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს. არა იმიტომ რომ სათქმელი დაგრჩენია, უბრალოდ გინდა ლაპარაკი არ დასრულდეს.

ოჯახის სხვა წევრებთან და ნაცნობებთან არაფერს იმჩნევ.

ცხოვრება რემარკის კანონივითაა, “დილით ყველაფერი უფრო მარტივია”, მაგრამ როცა ღამდება და შენს თავთან მარტო რჩები, გენატრება ის დრო, როცა დედა შენს გვერდით იყო. მიუხედავად იმისა, მეათედსაც კი ვერ ახერხებდა ახლა რისი გაკეთების შესაძლებლობაც აქვს.

ყველაფერი პარადოქსულად გეჩვენება და თავის საშინელი ტკივილი გკლავს. შენ ვეღარ ხვდები რა არის სწორი და არა, რომელი უფრო კარგია: იყო დედის სითბოს მოკლებული და გქონდეს ფული, თუ გყავდეს დედა და იყო უფულო ?!

როცა შენს თავთან რჩები, გულწრფელად გენატრება დედა..მაგრამ ვერც შენ გაუმჯობესებულ ცხოვრებას თმობ. და ისე ებღაუჭები მას, როგორც მომაკვდავი სიცოცხლეს.

დგები და დასაძინებლად მიდიხარ. “დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”, თვალიდან ცრემლი მოგდის და არა იმიტომ რომ დედა გენატრება. არამედ იმიტომ, იცი ის წავიდა და შენ ვეღარაფერს შეცვლი.

დათო სებუა. 15 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები