1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„რომელ სამშობიაროშიც დაიბადა, იმავე ადგილას დაიღუპა“ – ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დედა

“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

„ლევანს იმ დღეს ბოლო ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა. გაკვეთილის დამთავრებისთანავე, 2-ს რომ 5 წუთი აკლია, ლევანი ამოჩეჩილი მაისურის სწორებით ტოვებს სკოლის ტერიტორიას და ვიღაც გოგონასთან ერთად გზას ადგება. ის მელიქიშვილით არასოდეს ბრუნდებოდა შინ, კეკელიძემდე მოკლე გზას ირჩევდა ხოლმე. რომელ სამშობიაროშიც (თარხნიშვილზე) დაიბადა, იმავე ადგილას დაიღუპა და ასევე პარასკევ (დაბადების) დღეს. სკოლიდან მომავალი ხორავას ქუჩის ეზოში იმიტომ შედის, რომ იქიდან ყვირილის ხმა გამოდის. დათოს დაჩეხის შემდეგ ეზოდან ყველა გამორბის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლევანმა ინტერესის გამო შეუხვია. კონფლიქტში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. პირველი სკოლიდან 6 ბიჭი იყო მოსული, დანარჩენები 51-ე სკოლელები იყვნენ“, -ამბობს ნათია საყვარელიძე.
ამასთან, ნათია საყვარელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახსა და მათ ოჯახს შორის, განსხვავებული პოზიციების გამო, თითქოს უთანხმოება ჩამოვარდა.

„არანაირი უთანხმოება, ჩვენ შორის, არ ყოფილა. ერთადერთი კომენტარი გავაკეთე, აზრი დამთავრებული არ მქონდა, რომ უკვე შემაფასეს ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით გამოდის, ჩემი აზრი თუ გამოვხატე და ის პროკურატურისას დაემთხვა, ესე იგი, პროკურატურა ჩემზე ზეწოლას ახდენს. ჩემს მდგომარეობაში ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა? ან რატომ ცდილობენ, ორი ერთნაირად გაუბედურებული ოჯახი ერთმანეთს დაგვაპირისპირონ? პირველი, ვინც ზაზას ტკივილი გაიზიარა, როდესაც­ ის სამედიცინო ექსპერტის დაკითხვიდან გამოვიდა, რადგან ვეღარ შეძლო ბოლომდე მისი მოსმენა, მე ვიყავი“, -ამბობს ლევან დადუნაშვილის დედა.

მისივე თქმით, ახალგაზრდას გულში ერთადერთი სასიკვდილო ჭრილ­ობა ჰქონდა.
“მთელი ჩემი მოდგმა მედიკოსები ვართ. საავადმყოფოში, სადაც ლევანი მიიყვანეს,­ ყველა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდა. მას ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც­ რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ. მას გულში ჰქონდა ერთადერთი სასიკვდილო ჭრილ­ობა, ხელები კი დასერილი – როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული. ზუსტად 2 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა, მეც, ლევანის მამამაც და დეიდამაც (სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებოდით), რატომღაც, საათს დავხედეთ, როცა ამას ვყვებოდი, მათაც იგივე თქვეს. სხვა დროს უფრო ვიცოდი გადარევა, დარეკვა-მოკითხვა, იმ დღეს არანაირი წინათგრძნობა არ მქონია.

ბოლო დროს მუდმივად ვაკონტროლებდით (ალბათ ეს იყო წინათგრძნობის გამოხატულება), სწორედ ის 15 წუთი არ დაგვირეკავს. ბავშვი სკოლიდან 13:55-ზე გამოდის და 3-ის 10-12 წუთზე მას კლავენ. სასწრაფოს გამოძახების დროდ 14:14 საათია დაფიქსირებული და ამ შუალედში ბავშვი აღარ იყო“- აცხადებს ნათია საყვარელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები