0 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თამაშის სიხარული

                                                                                                        ნათია ფანჯიკიძე

კარტს, რომელიც დაგირიგდა, ვერ გამოცვლი, მაგრამ შენზეა, როგორ გაითამაშებ ხელს. საუკეთესო კარტითაც შეიძლება წაგება და პირიქით.

ბავშვობაში გუნდური თამაშები გითამაშიათ? პაროლობანა, ორდროშობანა, დამალობანა, შვიდი ქვა, შტაბობანა…

უჰ, რამდენი ტრავმა მაქვს მიღებული, მათ შორის სერიოზულიც. მუხლები წლიდან წლამდე არ მიხორცდებოდა, სულ სისხლი მდიოდა ან სქელი გამხმარი ფუფხით მქონდა დაფარული, მეორე დღეს რომ ისევ თავიდან ვიტყავებდი.

კიდევ არ ვიცი სიმძიმის ცენტრის ბალანსის რომელი კანონის თანახმად, მაგრამ რატომღაც ხშირად სახით ვეცემოდი და ტუჩს ვიხეთქავდი. თამაშით აღტყინებულს ერთი წამით ცრემლი მომაწვებოდა, ავირბენდი სახლში, დედა იოდით დამიმუშავებდა ჭრილობას, ერთსაც ამ დროს დავიყვირებდი, სახეს სიმწრისგან მოვჭმუხნიდი, მერე წამოვხტებოდი და ისევ ეზოში გავრბოდი.

ტკივილის გრძნობა და ტრავმის შიში ვერანაირად ვერ აკნინებდა თამაშით მოგვრილ უდიდესი სიამოვნების განცდას, მთელ ტანში რომ სიხარულის გრძნობა დაგირბის.

არასდროს მომიყოლია ზაფხულის არდადეგების ამბავი ამგვარად - კარგად ვითამაშეთ ინდიელობანა, მაგრამ ღობეზე რომ ვძვრებოდი, კოჭი ვიღრძე. უფრო სწორად, არასდროს ყოფილა ეს ორი, ერთმანეთთან კავშირში მოვლენა ემოციურად თანაბრად ღირებული.

აღარც კი მახსოვს პირველად როდის ვთქვი უარი ამ განცდაზე, როდის დავიწყე სიფრთხილე ჭკვიანი ელზასავით. გახსოვთ “ჭკვიანი ელზას ზღაპარი”? საქმრო რომ გამოუჩნდება, უნაკლო, გადასარევი. ის კი ტირილს იწყებს: რომ გავთხოვდები, შვილი მეყოლება, ბავშვი წამოიზრდება, წყაროზე ჩაირბენს, იქ რომ მაღალი ხე დგას, აცოცდება, ტოტი მოუტყდება, ჩამოვარდება და, ჯვარი აქაურობას, ქვას და კლდეს ეყურებოდეს, პირი ქვისკენ მიქნია და მოკვდებაო. ხოდა დარჩა გაუთხოვარი ელზა.  ალბათ ამას უნდა ერქვას ვაი ჭკუისაგან.

ვამბობ ხოლმე, შენი მსგავსი ინტერესების ადამიანთან თანაცხოვრება ძალიან კომფორტულია, მაგრამ სრულიად განსხვავებული თავგადასავლის პერსონაჟთან ბედის დაკავშირება ბევრად საინტერესო-მეთქი. მისი ცხოვრების შენაკადებით შენი ცხოვრების ნოველები სხვადასხვა შინაარსით დატვირთული, სხვადასხვა განცდით გამდიდრებული ხდება.

თავიდან ქმარს, რომელიც ომში გავაცილე, მოგვიანებით, სამხედრო სკოლაში სასწავლებლად საზღვარგარეთ წასასვლელად აბარგებულს, დიდი ხნით დავემშვიდობე და რამდენი ასეთი…  მომწონდა თუ არა, გადაწყვეტილებებს ვუწონებდი, მისი ინტერესების მიმართ პატივისცემას გამოვხატავდი. პირველად 2008-ში, საჯარო პოლიტიკაში ჩართვა რომ გადაწყვიტა, მაშინ ვთქვი ზრდასრული, დაღლილი და მოწყენილი ქალის ფრაზა, გეყოფა რა!

ანგარიშის გაწევა არც უფიქრია. მე კი ვიმეორებდი, ჩემთვის ყოფნა მინდა, სიმშვიდე მინდა, საუკეთესო წლები გადის…

არ იყო მიჩვეული წინააღმდეგობას ჩემგან. ისევ თავით გადაეშვა ახალ თავგადასავალში.

ბახ! ამ დროს პირველი ტყვია მომხვდა ზურგში, მერე - მეორე, მერე ბევრი. მეტკინა, სისხლი მოვიწმინდე და უკან მივიხედე. ვინ აღარ იყო, თანდათან მრავლდებოდნენ, კაციჭამია დევი, ბოროტი ჯუჯები, ავი დედინაცვლები, ზოგი მოხალისე, ზოგი დაქირავებული, ასი აქლემი ოქროს მფლობელი ვაჭარი, გულ-ღვიძლი მომართვით და შემიწვითო, მოჯამაგირეებს რომ სთხოვდა, კიდევ ვიღაც კუდიანი დედაბრის ჯადოსნური ჯოხი ეჭირა, ცდილობდა შეგხებოდა და ქვად ექციე…

ერთი პირობა ვინანე, უკეთ რომ არ გავიბრძოლე და ეზოში მაინც აღმოვჩნდი. თანაც როგორ? დიდი ბავშვები თამაშობენ, შენ მაყურებლებში დაგსვეს და ბურთი პერიოდულად თავში გხვდება.

“შენ გამო დამერღვა სიმშვიდე”,- დიდი ადამიანივით  ის-ის იყო ისევ წამომცდა კიდეც საყვედური, რომ  უცებ საიდანღაც ტალღებად მოდინებული სიხარული ვიგრძენი. რაღაც ძალიან ძველი, ძალიან ნაცნობი, დიდი ხნის წინ დავიწყებული…

გაშეშობანას ვთამაშობთ. ათი ბავშვი დამდევს. ოოოოოჰ, უკმაყოფილო ვარ, როცა მაშეშებენ. ადგილზე ვცმუკავ, ვწრიალებ და გუნდის წევრების მოქმედებებს ვადევნებ თვალს, როგორ გამოარღვევენ მოწინააღმდეგეების ალყას. დროზე, დროზე, გამაცოცხლეთ!!! ვყვირი. თან ამაყიც ვარ, ხუმრობა ხომ არაა, ამდენი ბავშვი ერთად ცდილობს გამაშეშოს. კარგი მოთამაშის სახელი მაქვს ტოლ-მეგობრებში.

მოვიდა თამაშის სიხარული და მაშინვე საიდანღაც დასახმარებლად მოფრინდნენ ფერიები, ანგელოზები, კეთილი ჯადოქრები…

სირთულეებთან გამკლავების არცერთი შემოთავაზებული ხერხი არ არის უნივერსალური და ყველასთვის გამოსადეგი, მაგრამ ზოგიერთისთვის მარტივად გახდება ძლიერი იარაღი: უბრალოდ ერთი წუთით წამოწექით თქვენი მძაფრი სიუჟეტებით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ ოდნავ დისტანცირდეთ თქვენი პრობლემისგან. ბოლოსდაბოლოს სხვის საქმეში ხომ უკეთ ერკვევით ხოლმე, ან გეჩვენებათ, რომ უკეთ ერკვევით. თავისუფლად ისუნთქეთ და მოიშორეთ დიდი ადამიანის ბორკილები ფსიქიკიდან. გადახედეთ მთელ გამოცდილებას, ცხოვრების, თამაშის, კინოს, წიგნის, სხვისი ამბის და ამოარჩიეთ თქვენი პრობლემიდან გამოსავალი რაც შეიძლება საინტერესოდ, ხალისიანად და სიამე-ვნებით.

აღმოაჩენთ, რომ არაფერია  თქვენს პრობლემაში თქვენთვისვე ახალი.

მინდა ფხიზელი ვიყო და არ გამომდის, აღიარებს ახალგაზრდა კაცი.

დამიხატე შენი საყვარელი სუპერგმირი, ვთხოვ მე. ბურატინოს ხატავს. ყარაბას-ბარაბასს აუჯანყდა, თოჯინები გაათავისუფლაო.

ხოდა მიდი, ვეუბნები.

დღეს ეს ძალიან სიმპატიური და საინტერესო პაციენტყოფილი გამარჯვებული გმირია.

სიყვარულში არ გამიმართლა, მეუბნება თვალცრემლიანი ქალი.

პირველად? შენ ხომ ჯერ კიდევ მაშინ არ გაგიმართლა, ჯულიეტა რომ “იყავი”? ნუ, ხო… სხვები გიშლიდნენ ხელს. მერე ანა კარენინად იქეცი და ისევ არ გაგიმართლა. ისე, მაშინ მოგეწონა შენი საქციელი, როგორც გადაწყვიტე პრობლემა? მე არა! კარგად მახსოვს, გაქანებულ მატარებელთან ვიდექი და “რა სისულელეს აკეთებ ქალო?” გიყვიროდი.

და რამდენჯერ გაგიმართლა? უამრავჯერ!

მაშინაც ხომ სულ გიმართლებდა, კარმენი რომ იყავი, უბრალოდ დონ ხოსეს უმტყუნა ნერვებმა.

უსახლკაროდ დავრჩი…

როგორც უფლისწული გახდა მათხოვარი.

ყურებში სხვანაირად გუგუნებს ქუჩის ხმაური. სამყაროს აღარ აქვს კედლები. ახლა შენ ხედავ მეტს, ბევრად მეტს, ვიდრე ფანჯრიდან დაინახავდი. ნუ გაგიცივდა მზერა, ყურადღებით ათვალიერე, ბევრ რამეს დაინახავ, რაც გამოგადგება ახალი სახლის მშენებლობაში.

რამდენჯერაც რაღაცას კარგავ, გადაივლის ტკივილის სიმწარე და აღმოაჩენ, რომ თურმე ამის გარეშეც შეიძლება გადარჩენა.

თომას მანის მოთხრობა, “იმედის გაცრუება” მახსენდება, კაცი, რომელსაც აღარც სახლკარი აქვს, აღარც არავინ ყავს ცოცხალი, მიდის და გაოცებული ფიქრობს, - ნუთუ სულ ესაა, ნუთუ ამის მეტს ვერაფერს ვგრძნობ? მოთხრობაში უკიდურესი ტრაგედიაა აღწერილი. ჩვენ ბევრად იოლი გაკვეთილი გვაქვს დღეს: მოვლენა, საგანი, ნივთი, ამბავი, რომელიც მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ მნიშვნელოვანი საერთოდ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში,  დღესვე შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მოკლევადიანი ტრავმა, ჩამოვწეროთ და შევამციროთ დარდი.

მეგობარი არ მყავს, ყველამ ზურგი მაქცია, მარტო ვარ…

მარტო ხარ? სხვანაირად რომ ვთქვათ, თავისუფალი ხარ. მაშინ წადი, ახლავე წადი.

ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი, ჩაიგდე ზურგჩანთაში ბოთლით წყალი, სალესი ქვა, სავარცხელი და სახეტიალოდ გასწიე. ჯერ მთაში, მაღლა, იქ თუ ვერავინ ნახე, ზღვისკენ დაეშვი. მთავარია, არ გაჩერდე, ხავსი არ მოიკიდო.

სადღაც აუცილებლად შემოგხვდება მეგობარი.

ამქვეყნად მხოლოდ ორი ტრაგედია არსებობს, მძიმე ავადმყოფობა და სიკვდილი. დანარჩენი უბრალოდ უსიამოვნებაა.

გაიხსენე სიხარულის დავიწყებული გრძნობა და სიამოვნებით ითამაშე ცხოვრების რთული ეპიზოდები. ამას თუ შეძლებ, ბევრად ნაკლებად მტკივნეული გახდება სისხლიანი მუხლები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები