1 1 : 5 0
 | 

საზოგადოება

,,ერთმანეთის ქიშპობასა და მტრობაში ვანგრევთ იმას, რაც სიმწრით ავაშენეთ, ამ დროს კი, გვავიწყდება მთავარი"

„იქნებ პრობლემის ნაწილი მაინც ჩვენს ქმედებებსა და დამოკიდებულებებშია, ვიდრე უცხოელ ფოტოგრაფებსა და ტურისტებში...“, - წერს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და რამდენიმე საინტერესო "ტრადიციაზე" ამახვილებს ყურადღებას. 

"ძალიან გრძელი, იქნებ ოდნავ მოსაწყენი და ჩემი პირველი სტატუსი 2018-ში

- რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს?

- დღეს, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე მთავარი გამოწვევა აქვს, თუმცა, პრიორიტეტები ისეა აღრეული რომ ძნელია გაარკვიო სად ვართ და საით მივდივართ. 

პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთისაგან დაუსრულებლად ძერწავს მტრის ხატს. ამასობაში კი, თითოეულ ჩვენგანს ცხვირწინ გვყავს ნამდვილი მტერი - რუსი "სალდათი", რომლის ხიშტსაც ჯერ კიდევ არ შეშრობია გიორგი ანწუხელიძისა და სხვა გმირების სისხლი.

ოკუპანტები მოიწევენ წინ, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, ითვისებენ სოფლებს, ტერიტორიებს, ჩვენ კი, კვლავ დაუნდობლად ვებრძვით ერთმანეთს...

„ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს“, - ასე თქვა ამერიკის მე-16 პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც.

დღეს, საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა უკიდურესი პოლარიზაცია, ერთმანეთთან დაუსრულებელი დაპირისპირება და მთავარი მიზნებისაგან დისტანცირებაა.

- რატომ ხდება ასე?

- იმიტომ რომ არ გვაქვს ნაციონალური იდეა... ყველა თანამედროვე, ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოს აქვს (ჰქონდა) რაღაც, რომლის ირგვლივაც ერის კონსოლიდირება ხდება.

ასეთი "რაღაც", 1978 წელს ჩვენთვის ქართული ენის სახელმწიფო ენად შენარჩუნება იყო, 1989 წელს თავისუფლებისაკენ სწრაფვა, 2003 წელს ცვლილებების ჟინი, უფრო ადრე - 1918 წელს კი, დამოუკიდებლობის აღდგენის ძლიერი სურვილი.

ნაციონალური იდეა გვქონდა რევოლუციის შემდეგაც და ის საქართველოს კორუფციის ჭაობიდან ამოყვანასა და სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა.

დღეს, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს: 

1. დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ქვეყნის გაერთიანება. 

2. საქართველოს პოზიციების გამყარება საერთაშორისო ასპარეზზე.

3. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, 

4. სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხება. 

ამ საკვანძო მიზნების განხორციელებისათვის უნდა გავიღოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია... თუმცა, სულ სხვა რამეზე ვხარჯავთ დროსა და ენერგიას. 

ერთმანეთის სიძულვილში, ქიშპობასა და მტრობაში ვანგრევთ იმას, რაც სიმწრით ავაშენეთ - სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამ დროს კი, გვავიწყდება მთავარი - მომავალი. 

საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ ძალადობის შეფაშფოთებელ ფაქტებს - ქუჩებსა და ოჯახებში. 

ვერ ვთავაზობთ გამოსავალს ავადმყოფს, რომელსაც წამალი არ აქვს, უმუშევარს, რომელსაც სამსახური სჭირდება, შიმშილის ზღვარზე მყოფ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, დევნილს, მრავალშვინიანებს, გლეხს, რომელიც მიწას ვერ ამუშავებს, ახალგაზრდას, რომელიც ხსნას ისევ ქუჩაში ეძებს, ქვეყანას, რომელიც სწრაფად ვერ ვითარდება...

- რა არის გამოსავალი?

- გამოსავალი სოციალურ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო აქტივობებშია. არა მარშებსა და პარადებში, არამედ ტოლერანტობასა და განვითარებაში.

გამოსავალი ეკონომიკურ აღმავლობასა და ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფლების მკაცრ კონტროლშია...

გამოსავალი მშვიდობიან, მაგრამ თანმიმდევრულ ბრძოლაშია...

გამოსავალი სიგარეტის ნამწვის ქუჩაში არდაგდებაში, ნაგვის სადარბაზოში არდაყრაში, "ზებრაზე" ქვეითის გატარებაში, მოძრაობის წესების დაცვაში, გადასახადების გადახდაშია...

გამოსავალი საერთო, ნაციონალურ იდეაშია - ჩვენი პატარა და მშვენიერი ქვეყნის გაერთიანებაში, გაძლიერებასა და დაცვაში... 

გამოსავალი კანონის უზენაესობაში, კომპლექსურ და თანმიმდევრულ პოლიტიკაშია.

- ცვლილებების დროა? 

- უფრო ჩვენი შეცვლის დროა და თუ ჩვენ შევიცვლებით, არსებული არასახარბიელო მდგომარეობაც შეიცვლება უკეთესობისაკენ. 

კერძოდ: ვიდრე ფრანგი ფოტოგრაფის ჩაქოლვას გადავწყვეტთ იმიტომ რომ მან საკუთარი აზრი გამოთქვა და მწარე სიმართლე მოგვახალა, უბრალოდ, დავფიქრდეთ... 

იქნებ პრობლემის ნაწილი მაინც ჩვენს ქმედებებსა და დამოკიდებულებებშია, ვიდრე უცხოელ ფოტოგრაფებსა და ტურისტებში? 

ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ გვტკივა „რატიანი“ და არ ან ნაკლებად გვანაღვლებს თბილისის ცენტრალური უბნების იქით მომხდარი ტრაგედიები?

დავსვათ კითხვა: რა არის ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ქვეყნის გამოწვევა? 

„იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი“, - ამბობდა პლატონი - კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი.

იქნებ მართლაც ასეა...", - წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები