1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავტომობილებს ტექდათვალიერებისას 7 კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ

ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა.

„თავიდან დავიწყებთ იმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ჩამოთვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, აქ ვერანაირ შეღავათს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც მიხეილ ხმალაძემ განმარტა, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან ანუ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მთელი ავტოპარკის შემოწმება მოხდება.

„პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლი“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით გვაქვს 26 ტესტირების ცენტრი, რომელთაც აქვთ 35 ტესტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ერთი ტესტირების ცენტრი, მაგრამ ჰქონდეს რამდენიმე ხაზი. ერთ ხაზზე კი ერთი მანქანა იტესტება. 

მისივე თქმით, შვეიცარულმა კომპანია SGS-მა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის განხორციელებისთვის კონსულტაციას უწევს, ტესტირების ცენტრებისთვის შესაბამისი მოთხოვნები უკვე გამოაქვეყნა. 

„ახალი მოთხოვნებით, პრაქტიკულად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე რაღაცის გაკეთება მოუწევთ იმისთვის, რომ კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ზოგს - ამ მხრივ ცოტა მეტი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, მაგრამ პრინციპში, ის მოთხოვნები, რაც შვეიცარიულ კომპანია SGS-ს აქვს, შესრულებადია. იმედი გაქვს, რომ ყველა დააკმაყოფილებს და ასევე ველოდებით ახალი კომპანიების შემოსვლას“, - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები