2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"13 წლის დამნიშნეს..მე-11 კლასში გავთხოვდი... სულ ცოტა ხნის წინ წამოვედი ოჯახიდან..."

 31 წლის მანანა ბოლქვაძის წერილი , რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა..   განსაკუთრებული გამოხმაურება ქალბატონების მხრიდან მოჰყვა, მათი თქმით, მანანა მათთვის ცხოვრების სტიმულად იქცა..

მაშ ასე, წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ყოველ დილით, სანამ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად წავალ, ზღვის სანაპიროზე ვჯდები, ვაკვირდები ტალღების მოძრაობას და ვფიქრობ იმ ოცნებეზე, რომლებიც ავიხდინე და იმაზეც, რომელსაც მომავალში აუცილებლად ავისრულებ.“

„13 წლის დამნიშნეს“

„ჩვენი ოჯახი ხულოდან მეწყერის შედეგად მოხვდა წალკაში. დღე არ გავიდოდა „მაჭანკალი“ რომ არ მოსულიყო ჩვენთან სახლში, ჩემი ხელის სათხოვნელად. სახლიდან ვერ გავდიოდი. მამამ ჩემი უსაფრთხოების მიზნით, ყველაზე უფროსსა და წარმოსადეგზე დამნიშნა. თავიდან მომწონდა, ტკბილეულით და ახალი ტანსაცმელებით რომ მოდიოდნენ ჩემთან სახლში. მაშინ მე-9 კლასში ვიყავი. რეალურად მე-10 კლასში გავიაზრე, რომ ნაადრევი ქორწინება არაფერს კარგს არ მომიტანდა, როდესაც დედამ წიგნის კითხვა ამიკრძალა. სახლის საქმეების კეთება ისწავლე, ოჯახში რომ მიხვალ, არ შემარცხვინოო. მამიკო პედაგოგი იყო და ერთადერთი ადამიანი ოჯახში, რომელიც მხარს მიჭერდა განათლების მიღებაში და სახლში როცა იყო, უფლება მქონდა დედოფალივით დავმჯდარიყავი და წიგნები მეკითხა. ერთხელ ჩემმა საქმრომაც მითხრა, ტყუილად კარგავ დროს, ოჯახში წიგნები არ გამოგადგებაო. რა თქმა უნდა ვაპროტესტებდი ჩემს დანიშვნას, რადგან საშიშროება დავინახე ამ ადმიანთან თავისუფლება დამეკარგა. თუმცა პროტესტი ძალაუფლებაზე სუსტი აღმოჩდნა და მე-11 კლასში ვიყავი, როცა ჩემმა საქმრომ მომიტაცა. მახსოვს მეორე დღეს მამიკოს დეიდაშვილი, მაშინდელი პოლიციის უფროსი მოვიდა და იმედი გამიჩნდა, რომ სახლში დამაბრუნებდნენ. მამა არ გაანერვიულო და სახლში წაყვანა არ სთხოვოო, მირჩია, მთელი ცხოვრება ქუდჩამოწეული ივლის შენს გამო, უკანმიბრუნებული გოგო რომ ეყოლება სახლშიო. ამ კაცმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ხმა ვეღარ ამოვიღე და მამასთან ვთქვი, რომ ჩემი ნებით ვრჩებოდი. ასე გავთხოვდი.“

„ვხვდებოდი, განათლების გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა“

სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელება მქონდა გადაწყვეტილი. მთელი წელი ვმეცადინეობდი და ვემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის. ბოლო მომენტში ქმრის ოჯახისგან წინააღმდეგობას წავაწყდი, ახლა ორსულად ხარ და მომავალ წელს ჩააბარეო. მშობლები მაშინ უკვე აჭარაში დაბრუნდნენ საცხოვრებლად. მახსოვს, მამიკომ რომ დამირეკა ჩემი ამბის მოსაკითხად, ვუთხარი, ორსულობის გამო ვერ გავიდოდი იმ წელს მისაღებ გამოცდებზე. თან ჩუმად ვტიროდი ყურმილს მიღმა, ვიცოდი, რომ „მომავალი წელი“ არ იქნებოდა, მერე ბავშვი გაჩნდებოდა, სხვა რუტინა დაიწყებოდა და სწავლის გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი. ეს ის პერიოდია, ჩოლოქთან ხიდი რომ ააფეთქეს. მამიკომ მეორე დღეს ჩამომაკითხა წალკაში. თურმე ფეხით გადმოუვლია ჩოლოქი, რომ თბილისში ჩავეყვანე როგორმე, მისაღებ გამოცდებზე გასასვლელად. მისაღებ გამოცდებს ვერ ჩავუსწარით. ისევ მამამ შეაწუხა განათლების სამინისტრო, აუხსნა ჩემი მდგომარეობა და სპეციალურად ჩემთვის დაინიშნა გამოცდა. ასე გავხდი ილიას უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი“

ნახირში

„სწავლის დასრულების შემდეგ, წალკაში, სოფელი გუმბათის სკოლაში სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიას ვასწავლიდი. იმ დროს უკვე 2 შვილი მყავდა და ეკონომიურად ძალიან გაგვიჭირდა. დედამთილი და მამათილი ორივე ავადმყოფობდა, მეუღლე არ მუშაობდა და ჩემი ხელფასი არაფერში გვყოფნიდა. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, სოფლის ნახირი, 500-600 სული ძროხა გვემწყემსა და ამაში დამატებითი ანაზღაურება აგვეღო. მოგვიწია კარვებით მთაში გადაბარგება. წარმოიდგინეთ, თვეები ვცხოვრობდით კარავში - დილით ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, მოხუცებს ვუვლიდი, ძროხებს ვწველიდი, ყველი ამომყავდა, სადილს ვამზადებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სკოლაში დავდიოდი და კვირაში ერთხელ სამწყემსად მივდიოდი. ნახირში ბავშებიც დამყავდა. გარდა ამისა, სოფელში, რომელიც 8 კილომეტრით იყო დაშორებული ჩვენი კარვებიდან, ყოველდღე უნდა ჩავსულიყავი, რომ მეურნეობისთვისაც მიმეხედა. მომიწია, ცხენზე ჯირითი მესწავლა, რომ მიუვალ ადგილებში მოკლე დროში მივსულიყავი. ცხენით დავდიოდი სკოლაშიც - სახლთან ვაბამდი, გამოვიცვლიდი, ვესწრებოდი პედსაბჭოებს და ცხენით ვბრუნდებოდი უკან. ასე ვიცხოვრე 3 წელი“

სკაში

„ჩვენი მთაში ცხოვრების პერიოდში, მეზობლად მეფუტკრე კაცი ამოვიდა სკებით. მაშინ პირველად დავინტერესდი მეფუტკრეობით და საშუალება მომეცა დღეში 2-3 საათი სკაში გამეტარებინა და ყველაფერი მესწავლა. ცხადია ახალი მეზობლის დახმარებით. 2 წელი ვსწავლობდი პრაქტიკაში ამ ახალ საქმეს. ამ გამოცდილებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ახალი საქმიანობა უნდა დამეწყო - მეფუტკრეობა.

ერთ დღეს წალკაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა კოოპერატივების თემაზე. შემთხვევით გავიგე და სასწრაფოდ მოვახტი ცხენს, შეხვედრისთვის რომ ჩამესწრო. იქ პირველად გავაჟღერე ჩემი ახალი ბიზნეს იდეა, რომლის განხორცილებისთვის მეფუტკრეთა კოოპერატივის შექმნა იყო საჭირო. თბილისში გავიარე კოოპერაციის ტრენინგები, გავეცანი კანონმდებლობას და საქმიანობის სისტემას და დავიწყე კოოპერატივის წევრების მოძიება. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ჩემს კოოპერატივში ქალები უნდა ყოფილიყვნენ. გული მტკივა, რომ ქალები სოფლად განსაკუთრებით იჩაგრებიან. სამწუხაროდ, მათ არც კი იციან, რომ უამრავი შესაძლებლობა აქვთ. რომ კითხო რას საქმიანობო, გიპასუხებენ - არფერსო. სინამდვილეში, იმდენ საქმეს აკეთებენ ყოველდღიურად... იმდენად არის გამჯდარი ქალების ცნობიერებაში, რომ ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან და სულ მუდმივად უნდა იყვნენ დამოკიდებული კაცებზე, რომ საკუთარი შესაძლებლობების არ სჯერათ. თავიდან კოოპერატივში 3 ქალი გავერთიანდით - მე, დედაჩემი და ჩემი ბავშვობის მეგობარი. 20%-იანი თანადაფინანსებით 50 ცალი სკა გადმოგვეცა. ცარიელი სკები 1 წელი მედგა ეზოში. ასე ჩამოვაყალიბე ბიზნესზე ორიენტირებული მეფუტკრეობის კოოპერატივი“

ჯერ დაგცინიან, მერე გაღიარებენ

„თანასოფლელები და ოჯახის წევრები დამცინოდნენ და მაკრიტიკებდნენ. სად ქალი და სად ბიზნესიო. უყურებდნენ ცარიელ სკებს და დამცინოდნენ... ნელ-ნელა დავიწყე პროექტების წერა, თან ვსწავლობდი ბიზნეს-გეგმის შემუშავების პრინციპებს და ერთი წლის შემდეგ რამდენიმე პროექტში გავიმარჯვეთ: შევიძინეთ ფუტკრების ოჯახები, ინვენტარი და გაფართოება დავიწყეთ. ახლა ჩვენს კოოპერატივში 19 ქალია, მათ შორის სამტრედიიდან, მარნეულიდან და ბათუმიდან. სულ მთლიანობაში 405 ოჯახი ფუტკარი გვყავს და თაფლს ერთი სტანდარტით ვაწარმოებთ. ესტონეთიდან ხარისხის სერთიფიკატიც მივიღეთ. ვცდილობ ბიო თაფლი ვაწარმოოთ. ერთი საცდელი მეურნეობა გავაკეთე, სადაც მცენარეებისგან ფუტკრის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებს ვამზადებ და ვტესტავ. ახლა ერთ მცენარეულ პრეპარატს ვცდი, უკვე წარმატებით 2 სეზონი გავიარეთ და თუ ამ ზამთარს კარგად წავიდა ყველაფერი, მერე უკვე რეცეპტს გავასაჯაროვებ“

მარტო ცხოვრების ახალი ეტაპი

„წალკიდან წამოვედი და აჭარაში, მშობლებთან დავბრუნდი. 15 წლის შემდეგ მივხვდი, რომ მე და ჩემი ქმრის ერთად ცხოვრების პერიოდში არაფერი ღირებული არ შემიქმნია. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მეტის გაკეთების შესაძლებლობა მქონდა და სამწუხაროდ არანაირი მხარდაჭერა არ მქონდა მეუღლისგან. მე საკმაოდ წინ წავედი და განვვითარდი. რეგიონში ფერმერბს ვეხმარებოდი ბიზნეს-გეგმის დაწერაში, ვიგებდი გრანტებს, ვეძებდი ექსპორტის შესაძლებლობებს და არც ერთ წამოწყებაში გვერდში არ მედგა, პირიქით, მაბრკოლებდა და ხელს მიშლიდა. იცით, საერთო ინტერესი და საერთო ოცნებები აღარ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის დამოუკიდებლად მიმეხედა და წინ წავსულიყავი.

განათლება რომ არ მქონოდა, ვერასდროს შევძლებდი ოჯახიდან წამოსვლას. მამა თვლის რომ შეცდომა დაუშვა იმით, რომ ადრეულ ასაკში დამნიშნა. ახლა ძალიან განიცდის. ამ შეცდომის გამოსწორებას ჩემს გვერდში დგომით ცდილობს. წინსვლაში მეხმერება.

გარდა იმისა, რომ ბათუმის 2 კერძო სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ვატარებ, პროექტების წერაშიც ვიღებ ანაზღაურებას და მოსწავლეებსავ ვამზადებ გეოგრაფიაში. წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე - ენოლოგია (ღვინის წარმოება) უნდა შევისწავლო. თაფლის ღვინის დაყენების ტექნოლოგია შევიმუშავე და სამომავლოდ საექსპორტო თაფლის ღვინის წარმოებას ვგეგმავ.

ცოტა ხნის წინ ბათუმის უნივერსიტეტში მიმიწვიეს მეფუტკრეობის დარგში ლექციების წასაკითხად. ეს ჩემთვის დიდი აღიარებაა.

წარმატებული როცა ვიქნები, ჩემი შვილებისთვისაც უფრო მეტს გავაკეთებ. მეტად შევუწყობ ხელს მათ განვითარებას, განათლებას და იმ გზის გამოვლა აღარ მოუწევთ, რაც მე თავის დროზე გამოვიარე“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები