0 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მძღოლი სალონში წყლის ბოთლს ეძებდა და გზას არ უყურებდა“ - სურამში მომხდარი ავარიის დეტალები

სურამში ავტოსაგზაო კატასტროფას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტროტუარზე შევარდნილმა მანქანამ 37 წლის ჩოხატაურელი შორენა მეგრელიშვილი და მისი 5 წლის გოგო შეიწირა. 

შორენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ უნგიაძის მეუღლე იყო. ის სურამში, ოთხ შვილთან ერთად, დასასვენებლად იმყოფებოდა. ავტოკატასტროფისას გარდაცვლილს ოთხივე შვილი თან ახლდა, თუმცა სამმა მათგანმა მანქანის დარტყმა გაქცევით აიცილა.


ტრაგედიაზე “კვირის პალიტრას“ ჩოხატაურელი ქალი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა:


- შორენა და მისი მეუღლე სიყვარულით შეუღლდნენ და ეს სიყვარული დღემდე მოჰყვებოდათ. იმიტომაც ააწყვეს ოჯახი. ოთხი ქალიშვილი შეეძინათ - უმცროსი ორი გოგონა ტყუპი. უფროსი მეხუთე კლასშია... შორენა და მისი მეუღლე, ამ ბავშვებისთვის ცოცხლობდნენ. 


- გავრცელებული ინფორმაციით დედა-შვილი ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკზე შევარდნილმა მანქანამ შეიწირა.


- დიახ, მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, როგორც გვითხრეს, მძღოლი სალონში წყლის ბოთლს ეძებდა და წინ რა ხდებოდა სულ არ უყურებდა, არც დაუმუხრუჭებია როცა საჭე გაექცა. უთქვამს, წყალს ვსვამდი, მაგრამ ბოთლი მანქანის სალონში ჩამივარდა, მისი ამოღება მინდოდა და ამ დროს გამეშვა საჭეზე ხელიო. ასეთი ძალით შევარდნილი მანქანა კორპუსსაც კი დაანგრევდა, არათუ უმწო დედა-შვილს... კიდევ კარგი დანარჩენმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს. მაგრამ მათთვისაც რამხელა სტრესია, საკუთარი თვალით ნახეს ეს საშინელება. უფროსმა გოგონამ დაურეკა მამას, - გვიშველე, დედას მანქანა დაეჯახაო... გიჟივით გავარდა საწყალი კაცი, არადა, მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - საკმაოდ რთული ოპერაცია აქვს გაკეთებული ფეხზე და შორენა დიდი ხანის განმვალობაში გვარდიდან არ სცილდებოდა, უვლიდა... არ ვიცი, ახლა რა ეშველებათ, იმედია, გამოძებნის ძალას და გოგონებს სითბოსა და მზრუნველობას არ მოაკლებს. ან მძღოლმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მანაც ხომ გაიმწარა სიცოცხლე - ოთხი შვილის დედა, 5 წლის გოგონასთან ერთად, დანარჩენი შვილების თვალწინ მოკლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები