0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანში მათ  გადაეცემათ სამი სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად, მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.     

აღსანიშნავია, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-სომხურ და ასევე, სამენოვანი ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობის ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამის უბნებზე.

საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლები ისარგებლებენ გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ სპეციალური პოსტერის მეშვეობით, ხოლო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულ 1153 საარჩევნო უბანზე განთავსებულია სპეციალური ხმის მიცემის კაბინები.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მისივე თქმით, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 6 საინფორმაციო ბრიფინგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები