1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დიდ ბრიტანეთში ღონისძიება “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართა

დიდ ბრიტანეთში, სევენოუკში, სერ ოლივერ უორდროპის (1919-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის) სახლში ღონისძიება - „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და სერ ოლივერ უორდროპის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია ცირა კემულარია, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები და Royal Dutch Shell-ში მოღვაწე ქართველი. პროექტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

თიბისი ბანკის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცულ უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას. მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა როგორც უორდროპების, ისე სხვა ცნობილი ევროპელი მეცნიერების ღვაწლს ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარმოჩენასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში. კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს ცირა კემულარიამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლეს. მოხსენებით წარდგნენ ქართველი და ბრიტანელი მეცნიერები და მწერლები. ღონისძიებას დაესწრნენ მარჯორი და სერ ოლივერ უორდროპების შთამომავლები.

პროექტის ფარგლებში დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი. ფონდში შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოს მემკვიდრეობისა და კულტურისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ქართულიდან ინგლისურად თარგმნას და გაერთიანებულ სამეფოში გამოცემას.

ოლივერ და მარჯორი უორდროპების შესახებ:
სერ ოლივერ უორდროპი 1919-1921 წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისარი იყო სამხრეთ კავკასიაში, რეზიდენციით საქართველოში; მისი და, მარჯორი კი ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. მათ შეისწავლეს ქართული ენა და ინგლისურად თარგმნეს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, წმინდა ნინოს ცხოვრება და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

ოლივერ და მარჯორი უორდროპები საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ, რაც მათ აქტიურ მოღვაწეობაში გამოიხატებოდა თითქმის ყველა მიმართულებით. ნოე ჟორდანიას მთავრობა, ისევე როგორც იმ დროის ქართული კულტურული ელიტა, ძალიან აფასებდა უორდროპების ღვაწლს საქართველოს წინაშე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ქართული კომიტეტი დაარსა; 1930 წელს კი მან ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც ჟურნალ „გეორგიკას“ გამოსცემდა. ოლივერ უორდროპი აქტიურად თანამშრომლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტთან და ბრიტანეთის მუზეუმთან და ამ მსოფლიო მნიშვნელობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიური მიმართულების დამფუძნებლად ითვლება.

დის გარდაცვალების შემდეგ, ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი დაარსა, რომლის მიზანს სტუდენტებში ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება წარმოადგენდა. მას შემდეგ ფონდის კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდა და ამჟამად 1454 ერთეული გამოცემაა დაცული; მათ შორის, 215 პერიოდული და 73 ერთეული გამოცემა.

სერ ოლივერ უორდროპის საპატივსაცემოდ, 2014 წლიდან, ქართულ-ბრიტანული დიპლომატიური ურთიერთობები ყოველწლიური, მაღალი დონის პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები