მსოფლიო
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება
2016-09-12 17:20:48
საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად, არ არის შემთხვევითი, რადგან საუკუნეების წინ სწორედ ქუთაისში ფუნქციონირებდა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი - გელათის აკადემია.
დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი“. და დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევითი. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები