1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

ჩამოტვირთვა

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, თქვენნაირები ვართ, იცოდეთ, თქვენი მთავრობა ვართ და არ არსებობს მანძილი ჩვენსა და თქვენს შორის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას, რომელსაც რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წარუდგინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საზოგადოების გამთლიანება „ქართულმა ოცნებისთვის“ უმთავრესია.
„საარჩევნო კამპანია დავიწყეთ ქუთაისში, საქართველოს ძველ დედაქალაქში, დავითის ქალაქში, სადაც იმერეთის მაჟორიტარი კანდიდატების გუნდი წარვადგინეთ. შეხვედრაზე 40 ათასი ადამიანი მოვიდა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, მაგრამ ამავე დროს, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. გვახარებს არა იმიტომ, რომ ყველა ეს ადამიანი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, არამედ იმიტომ, რომ აშკარად ვხედავთ, დაწყებულია საზოგადოების გამთლიანების პროცესი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ ვიყოთ ყველას მთავრობა და არა - ერთი პარტიის მთავრობა. ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოება აღარ იყოს ასე დაპირისპირებული ერთმანეთთან; მთავარია, ყოველ საღამოს, ჩვენმა თანამოქალაქეებმა, იმის მაგივრად, რომ შვილებისგან გაკვეთილი ჩაიბარონ თუ ოჯახის წევრებს მოეფერონ, არ დადგნენ და უყურონ, როგორ ჭამენ და ხრავენ ადამიანები ერთმანეთს. ეს არის ჩვენთვის მთავარი, რომ სიმშვიდე შეიქმნას საქართველოში და ვიფიქროთ ჩვენი შვილების მომავალზე, სტაბილურ განვითარებაზე და იმაზე, რა გავაკეთოთ ჩვენი ოჯახისა და ქვეყნისთვის უკეთესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ყველა ერთად არის, ძველი და ახალი „ქართული ოცნება“, არსებობს არა ორი, არამედ ერთი „ქართული ოცნება“, არის ერთი საქართველო და ერთი სამშობლო, რომელიც ყველას მოიცავს, მათი აზრისა და სიმპათიების მიუხედავად.
„ჩვენ უნდა გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქვეყანა ერთ პარტიად, რომელსაც ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ერქმევა. ეს არის ქართული ოცნება. ამიტომ ვართ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში და ამიტომ ვგრძნობთ საკუთარ თავში ძალას, კომპეტენციას, გამოცდილებას. ჩვენ გვაქვს ის განათლება და ის გამოცდილებაც, მათ შორის ცხოვრებისეული, რომელიც გვაძლევს იმის იმედს და რწმენას, რომ ჩვენ შევძლებთ, საქართველო გავიყვანოთ განვითარების იმ ეტაპზე, საიდანაც აღარ იქნება უკან სვლა, საიდანაც აღარ იქნება სვლა შავ-თეთრი საქართველოსკენ. ჩვენ უნდა გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა და ავაგუგუნოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ამის შესაძლებლობები გაგვაჩნია და ამის შესაძლებლობას და ენერგიას ვიღებ თქვენგან, ამ სახეებისგან, რომელსაც ვხედავთ აქ, წყალტუბოში და არა მხოლოდ აქ, მთელს საქართველოში. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები