1 8 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა და მე... მე მყავდა მსუქანი და ჭკვიანი მამა

10 ნოემბერს 3 წელი გავიდა, რაც მამა აღარ მყავს. მე მყავდა მსუქანი და ჭკვიანი მამა, რომელიც ხშირად მელაპარაკებოდა ცხოვრებაზე, სამყაროზე და ჩემს მომავალზე. დაახლოებით, 3 წლის წინ ერთმა კიდევ უფრო მსუქანმა და ჭკვიანმა კაცმა სამართლის სკოლის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრები დაიწყო, საჭირო და არასაჭირო კანონების გარჩევა და წერა რომ გვესწავლა. ვის არ ენდომებოდა კახა ბენდუქიძისგან მასტერკლასის მიღება. ასე იცოდა ხოლმე, ზუსტად იმ დროს გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა.

ცოტა ხანში გავიგე, რომ კახა ბენდუქიძეს პირადად ჩემთან უნდოდა შეხვედრა. ახლობლებს და მეგობრებს ბევრი ვერსია გაუჩნდათ – სამსახურში ავყავდი, სასწავლებლად მიშვებდა, თუ პირდაპირ, ასდოლარიანების შეკვრას დამიდებდა მაგიდაზე. რასაკვირველია, ყველა შეცდა. კახამ უბრალოდ მითხრა, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ და ამის სწორად გამოყენება უნდა ვისწავლო. „მარიამ, ეს იგივეა მე რომ ეზოში ნავთობს ან ოქროს საბადოს მივაგნო, გავიარო და არაფერი გავაკეთო. მე კიდევ არ მიყვარს გამოუყენებელი რესურსები“. რომ გამოვედი ყველა მეკითხებოდა, რა გითხრა, რამე შემოგთავაზა? მე ვპასუხობდი, რომ უბრალოდ ვილაპარაკეთ და თან ვიცოდი ის, რაც არ ვიცოდი შესვლამდე – მე კახას ოქროს საბადო ვიყავი!

ჩვენი შეხვედრები, დაახლოებით, 3 წელი გაგრძელდა. შეხვედრიდან შეხვედრამდე 3 კვირაზე მეტი თუ გავიდოდა, ნერვიულობას ვიწყებდი, ხომ არ დამივიწყა-მეთქი, მაგრამ მალევე დამიბარებდა და თვითონ მსაყვედურობდა, მე თუ არ გითხარით, ისე არ უნდა შემომიაროთო? ვლაპარაკობდით ცხოვრებაზე, სამყაროზე და მომავალზე. სულ ცდილობდა ჩემთვის ახალი საქმე გამოეძებნა: ხან ფიზიკის ტესტებს ვაკეთებდი, ხან მათემათიკაში ვმეცადინეობდი – მისი ხათრით ყველაფერს ვისწავლიდი. ხანდახან განცდა მქონდა, რომ ამით თვითონაც ერთობოდა. დღის ბოლოს მიბარებდა ხოლმე. გამაფრთხილებდნენ, გაბრაზებულიაო. შევიდოდი და ბევრს ვიცინოდით, ამიტომ სულ მეგონა, რომ მე კარგ ხასიათზე ვაყენებდი. მსაყვედურობდა კიდეც ჩემს ჭკუამხიარულობას – თქვენ ძალიან ცუდად არასდროს ყოფილხართ ცხოვრებაში და ამიტომ გეზარებათ ბევრი შრომა წარმატებისთვისო. ამ დროს სულ მინდოდა მეთქვა, ძალიან ცუდად ვყოფილვარ იმიტომ, რომ მამა მომიკვდა და ყველა ჩვენი შეხვედრის დროს ცოტა ხნით მიცოცხლებთ-მეთქი, მაგრამ არ ვეუბნებოდი. წელს პროკურატურაში 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ „რუსთავი2“-ში მოვიდა. მე იქ დავხვდი. ვუთხარი, ძალიან მანერვიულეთ-მეთქი და ჩავეხუტე. მაშინ გამახსენდა ის მაგარი შეგრძნება – „მსუქანთან“ ჩახუტების – როცა ხელებს ირგვლივ ვერ აწვდენ და გგონია დიდი ფარი გადაგეფარა. მგონი ხვდებოდა, მისგან რაც მინდოდა და ბოლოს გადაწყვიტა მე თქვენი „აპეკუნი“ უნდა გავხდეო. თან ვაჟა-ფშაველას სიტყვები მითხრა – „აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს…“ ალბათ, მართალია, რომ „აპეკუნობა“ აჩლუნგებს, მაგრამ რა ვქნა ისე ვერ დაგტოვებთო.

საქართველოდან წასვლამდე ლექციის მომზადებაში ვეხმარებოდი. დაახლოებით 10 ჯერ გადავახვიე ვიდეოჩანაწერში ის მომენტი, როცა მე საჯაროდ მადლობას მიხდის დახმარებისთვის. მერე სტატიაზე ვმუშაობდით საქართველოს რეფორმებზე, რომელიც რომელიღაც წიგნში უნდა გამოქვეყნებულიყო. მაშინ კიდევ უფრო კარგად გავიგე, რამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის და რა მარტივი და ამავე დროს გენიალური იყო ეს ყველაფერი. ის ყოველდღე ზრუნავდა იმაზე, რომ იმ იდიოტსაც კი, რომელიც ათას საშინელებას აბრალებდა, უკეთეს საქართველოში ეცხოვრა. როგორ უნდა აგეხსნა ყველასთვის, რომ ეს „უზრდელი“ ბენდუქიძე 10 წლის ბავშვსაც თქვენობით ელაპარაკებოდა? მას ყველაზე ნაკლებად აღელვებდა, ეყვარებოდა თუ არა ხალხის მასებს, რადგან ინდივიდებს, კონკრეტულ ადამიანებს თავისი სახელითა და გვარით უყვარდათ. ახლა ვბრაზდები მასზე, ვერ ვპატიობ, რომ იმ ხალხს, ვისაც ვეჩხუბებოდი და ვეკამათებოდი მის დასაცავად, გააგებინა ჩვენი ყველაზე დიდი საიდუმლო, რომ ჩემი სუპერგმირი მოკვდავი ყოფილა.

ამას ვწერ 16 ნოემბერს. 3 დღე გავიდა, რაც „აპეკუნი“ აღარ მყავს. გრძნობა ნაცნობია. თითქოს, შინაგანი ორგანოები გეწვის და მხოლოდ ორი სურვილი გიჩნდება – ან უცებ გაგეღვიძოს, ან დროის უკან დაბრუნება და მომავლის შეცვლა შეგეძლოს. არც ერთი სურვილი არ სრულდება, მაგრამ წინა შემთხვევისგან განსხვავებით (მე არც და მყავს და არც ძმა), ახლა ჩემთან ერთად ბევრი ტირის, კახას დიდი ოჯახის ბევრი წევრი.

და თუკი ჩემი წარმატების საიდუმლო დიდ ტკივილში და ცუდად ყოფნაშია, ეს სამსახურიც თქვენ გამიწიეთ, რადგან თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობ, ბატონო კახა!


მარიამ ლორთქიფანიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...