2 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

ჩამოტვირთვა

 

მე ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მართლმსაჯულების სისტემისა და მთლიანად ხელისუფლების რეფორმირების კუთხით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტისა და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი მართავს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის დამოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და განუმარტა, რომ საქართველოს, ისტორიაში პირველად, თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული მთავრობა ჰყავს, რომლის ძირითად ნაწილს ადამიანის უფლებათა დამცველები და ყოფილი დიპლომატები შეადგენენ.

„ჩვენ დავადგინეთ საკვანძო სფეროები, სადაც დაუყოვნებლივ იყო გასატარებელი რეფორმა - კანონის უზენაესობის აღდგენა; დამოუკიდებელი სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; თანამდებობის პირთა დაუსჯელობის აღმოფხვრა“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თითოეული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ მართლმსაჯულების სისტემის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქვეყნის წინსვლისთვის ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტრადიციის გაგრძელება და თანამდებობის პირთა დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მთავრობის მეთურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან.

„რასაკვირველია, ჩვენ წინაშე დგას ბევრი რთული საკითხი, მაგრამ მე ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მართლმსაჯულების სისტემისა და მთლიანად ხელისუფლების რეფორმირების კუთხით, რაც გულისხმობს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებას და გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, ჩემმა მთავრობამ კარგად დაიმახსოვროს და ხალხსაც შეახსენოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა საქართველომ გაამართლოს თავისი რეპუტაცია, როგორც რეგიონში წამყვანმა დემოკრატიამ“, - მიმართა პრემიერმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები