1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩემს მიღწევათა შორის უდიდესია ის, რომ ჩემი მეუღლე დავარწმუნე ცოლად გამომყოლოდა..."

ჩამოტვირთვა

ამ ადამიანს მეტსახელი ქალთმოძულე ჯერ კიდევ სკოლაში შეარქვეს. ის მართლაც გაურბოდა გოგონებს, თავს არიდებდა წვეულებებს. ანდილოსნებთან თავაზიანი იყო, მაგრამ ძალზე მოსაწყენი. ეს ჩვევა მას სიჭაბუკეშიც გაჰყვა. ქალების წინაშე წითლდებოდა, ენა ებმოდა, მისგან მხოლოდ "ხოს" ან "არას" გაიგონებდით. კომპლიმენტებს იშვიათად ამბობდა, თანაც საკმაოდ უხეიროდ. დიახ, ეს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დიდი ორატორი, ჟრნალისტი და სახელმწიფო მოხელე, უინსტონ ჩერჩილია. მაგრამ, ბოლოს, ჩერჩილსაც ეწვია სიყვარული. ის მძაფრი და გამაბრუებელი იყო, როგორც პირველად ნაგემი ღვინო. კაცს თავდავიწყებით შეუყვარდა პამელა პლაუდენი. ქალი პირველად ინდოეთში გაიცნო. "პამელა სწორედ ის ქალია, რომელიც გამიგებს და რომელთანაც ბედნიერი ვიქნებიო", – ამბობდა ჩერჩილი. თუმცა პირველი სიყვარული, პირველი გაწბილება აღმოჩნდა უინსტონისათვის. “მსურს შეგიძულოთ, მაგრამ ვაგლახ, რომ ვერ ვახერხებ, – ჩერჩილმა მწარედ გაიცინა, – იცით, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარხართ და სიკვდილამდე მეყვარებით! – ამ სიტყვებით ქალს თავაზიანად დაუკრა თავი». ასე დასრულდა პირველი სიყვარული. რამდენიმე თვის შემდეგ, მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა. მას გლედისი ერქვა. მაღალი, ტანწერწეტა გოგონა იყო. საოცრად კარგად ცეკვავდა და საოცარი ღიმილი ჰქონდა. ამჯერად ჩერჩილი ემოციების მოთოკვას ცდილობდა. გლედისთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენდა, თითქოს რაღაცის ეშინიაო. ქალმა ეს შენიშნა. “– რისი გეშინიათ, უინსტონ? – მე იდეალისტი ვარ და შეყვარებულს ვაღმერთებ ხოლმე. – მეც მაღმერთებთ? – იდეალი სწრაფად იმსხვრევა. აი, ამის მეშინია. „ როგორც ჩანს, ჭაბუკური იდეალიზმი უკვე ტოვებდა ჩერჩილს, რადგან გლედისის პარალელურად ვინმე ევის ლორინგთანაც გააბა რომანი. სერ უინსტონი ორივე ქალს ყურადღებით აკვირდებოდა და ადარებდა. ორივემ გაუცრუა იმედი. აღმოჩნდა, რომ გლედისს გული და ნაღვლის ბუშტი აწუხებდა, ევის კი ძალიან უყვარდა ფული. სხვა მის ადგილზე ხელს ჩაიქნევდა. სერ უინსტონი კი აგრძელებდა ცხოვრების თანამგზავრის ძებნას. ჰოდა ნათქვამია ვინც ეძებს, ის პოულობსო. კლემენტინა ხოზიე, ჩერჩილმა ლონდონში ერთ–ერთ წვეულებაზე გაიცნო. პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. ქალმაც და კაცმაც ერთმანეთი დაიწუნეს. "ერთი გაბღენძილი და თავის თავზე შეყვარებული კაცია", – ამოიკითხავდით კლემენტინას თვალებში. "გათამამებული გოგონა", – იგრძნობოდა სერ უინსტონის გამოხედვაში. მეორე შეხვედრა ერთ–ერთი ახლობლის ოჯახში შედგა. ამჯერად მათ საშუალება ჰქონდათ, დიდხანს და გულახდილად ესაუბრათ. ვითარებაც შეიცვალა. ორივეს თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. უინსტონმა უჩუმრად და მოხერხებულად შეკრიბა კლემენტინაზე ცნობები. ქალი სავსებით შესაფერისი ჩანდა. "ნუთუ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი?!". ჩერჩილმა კლემენტინას პაემანი დაუნიშნა. ენა ებმოდა, სახე ალეწოდა. დაიწყო პაემნები, რესტორნებსა თუ თეატრებში სიარული და მალე კლემენტინა უყოყმანოდ დათანხმდა სერ უინსტონს ცოლობაზე. 1909 წლის 12 სექტემბერს მათ ჯვარი დაიწერეს. რომანტიკა დამთავრდა. დაიწყო ოჯახური ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ ისინი სრულიად განსხვავებული ხასიათისანი იყვნენ. ჩერჩილი ოპტიმისტი გახლდათ, მუდამ კარგ გუნებაზე იყო და წუწუნს ვერ ეგუებოდა. კლემენტინა პირიქით, ხშირად ვერ თოკავდა ემოციებს. განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, კლემენტინასა და უინსტონს ტკბილი ცოლქმრობა ჰქონდათ. მათ ხომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. "ჩემს მიღწევათა შორის უდიდესია ის, რომ ჩემი მეუღლე დავარწმუნე ცოლად გამომყოლოდაო." -ამბობდა უინსტონ ჩერჩილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები