0 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველ ფეხბურთელთა დიდი ტრიუმფი სლოვაკეთში

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფეხბურთელთა 17–წლამდელთა ნაკრები ევროპის ოთხ უძლიერეს გუნდს შორის მოხვდა! 17–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ისლანდია, ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გერმანიასთან ერთად გავიდა, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში საფრანგეთს 3:0 მოუგო და ამით საქართველოს შემდეგი ეტაპისკენ გაუხსნა გზა. სლოვაკეთში საქართველოს ახალგაზრდული გუნდის გამარჯვება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა. 10 მაისს საქართველო–ისლანდიის მატჩისას ქართველებმა დაამტკიცეს, რომ ისლანდიელებს სჯობდნენ. თბილისში, დღეს, ამ თამაშის შეფასებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. 10 მაისს საქართველო–ისლანდიის თამაში ქრონოლოგიურად ასე განვითარდა: პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა გიორგი პაპუნაშვილს შორეული ძლიერი დარტყმით სამჯერ, ხოლო ალეკო მზევაშვილს ორჯერ შეეძლოთ. მათ ხან სიზუსტე აკლდებოდათ, ხანაც ისლანდიელთა მეკარე ახერხებდა ხიფათის განმუხტვას. შესვენებამდე, ალექსანდრე ადამიას თამაშში ჩართვამ მხოლოდ ერთხელ მოუწია, როცა 29-ე წუთზე მეტოქის ძლიერი დარტყმა მოიგერია. მან ჩვენი ნაკრების კარი მატჩის მიწურულსაც გადაარჩინა - უკვე 1:0 იყო, როცა ახლო მანძილიდან, სტეფან პალსონს არ გაატანინა. ნავსი 74-ე წუთზე გატყდა - გიგა სამხარაძემ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთი ისლანდიელთა საჯარიმოში ჩააწოდა. მეტოქის მცველები სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვნენ და შეცვლაზე შესულმა დავით დარციმელიამ ყველას დაასწრო, მან გამარჯვების გოლი ერთი შეხებით გაიტანა. პარალელურად, მიმდინარე მატჩში მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ფრე ისლანდიას აძლევდა ხელს და კუნძულელებიც სიტუაციის შესაბამისად მოქმედებდნენ. საბედნიეროდ, ნახევარფინალში ორი ქულით გასვლა მათ ქართველებმა არ დაანებეს და ბოლო წუთებზე ძვირფასი საგზური წაართვეს. წინ 13 მაისი და ჰოლანდიასთან ნახევარფინალური მატჩია, სადაც, იმედია, ჩვენი ბიჭები ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ. ქართველი გულშემატკივარი კი უკვე დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ახლო მომავალში გაცილებით მნიშვნელოვანი წარმატებებით გაგვანებივრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები