2 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ჩამოტვირთვა

"ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები", "ფიროსმანი" – მაყურებლების გრძელი რიგი ფილარმონიის შესასვლელთან, მერე გადაჭედილ დარბაზში ანშლაგებით ჩატარებული კონცერტები და თეთრ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი დიდი ქართველი კომპოზიტორი. დღეს 3 ოქტომბერია – ალექსანდრე ბასილაის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა. როგორი იყო ალექსანდრე ბასილაია? - ალბათ თავისი სიმღერებივით უშუალო და გულწრფელი, სევდიანიც. ჩვენს წარმოდგენაში მუდამ როიალთან მჯდომი, კლავიატურას ხელს დააკარებდა თუ არა, მიწას უცაბედად შორდებოდა. ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბასილაია 1942 წლის 11 მარტს თბილისში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1968 წლიდან ანსამბლ ”ივერიის” ხელმძღვანელი და სოლისტი, ხოლო 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1987 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მისი და თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამარჯვების ხანა 1968 წლიდან დაიწყო, როცა ალექსანდრე ბასილაია ანსამბლ “ივერიის” ხელმძღვანელი გახდა. ანსამბლი „ივერია“ მუსიკალურ ასპარეზზე 1960-იან წლებში გამოვიდა და ქართველი მაყურებლის დიდი სიყვარულიც მაშინვე დაიმსახურა. ალექსანდრე ბასილაიას მუსიკალურ კომპოზიციებზე არაერთი თაობა აღიზარდა. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ მისი უკვდავი სიმღერები და შესანიშნავი მიუზიკლები: “ჩხიკვთა ქორწილი”, “არგონავტები”, “თოვლის ბებოს ზღაპარი”, “ფიროსმანი” და სხვა. ალექსანდრე ბასილაიას მუსიკას ხშირად ვხვდებით ქართულ ფილმებსა და ზღაპრებში. ალექსანდრე ბასიალიას ნაწარმოებები შესანიშნავია, არა მარტო თანამედროვე, ასევე კლასიკური მუსიკალური სტილით შესრულებისას. მისი ლირიკა უზადოა, ბრწყინვალეა მისი ჰეროიკული და პატრიოტული თემატიკის მელოდიაც. საქართველოში „ივერიის“ სინგლები თითქმის ყველა ოჯახში ინახებოდა. ალექსანდრე ბასილაიას მიერ ჩამოყალიბებული ანსამბლის სიმღერებს ყველა ასაკის მელომანი უსმენდა. ალექსანდრე ბასილაია 2009 წელს გარდაიცვალა. ქართველმა ხალხმა, სრულიად დამსახურებულად, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალა. ძნელი დასაჯერებელია, რომ რაღაც დასრულდა, და მისი უკანასკნელი კომპოზიციაც, რომელსაც ბასილაიამ სწორედ - "რაღაც დასრულდა" დაარქვა, უკანასკნელია... მიწიერი ცხოვრება დასრულდა და ზეციური დაიწყო. ხელოვნებაში არსებობა და ცხოვრება კი დროსა და სივრცეში კიდევ ბევრ თაყვანისმცემელს შესძენს ჩვენს საყვარელ კომპოზიტორს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები