1 5 : 2 6
 | 

პოლიტიკა

,,ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე" - გიორგი კვირიკაშვილი

ჩამოტვირთვა

მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო. ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში. მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს.

მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბ-ნ თომას ბახს შევხვდით და განვიხილეთ სამომავლოდ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბ-ნი პრეზიდენტი აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისათვის, ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ მთავრობის წევრებს, ასევე, ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ეს საკითხი ეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას, ამ მიმართულებით. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ვინმეს ახსნა სჭირდებოდეს. მხოლოდ იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა ჩატარდება და შესაძლოა ჩატარდეს - უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა, თუ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და სწრაფად განვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას ზამთრის კურორტებზე, ასევე, მთელი ქვეყნის ჩართვას ზამთრის სპორტულ სახეობებში. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით და ეს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბევრი კუთხით, მათ შორის: ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა; ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 70 %-ის, რომელიც გახლავთ მთიანი რეგიონები, მთლიანად ამ პროცესში ჩართვა; ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში; ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. ამიტომ, უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციის და უზარმაზარი ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც აუცილებლად მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები