0 1 : 4 2
 | 

პოლიტიკა

მარგველაშვილი დოლიძეზე: "დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი "

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ანა დოლიძის გამოსვლას ეხმაურება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. მინდა შეგახსენოთ, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი.

"ანა დოლიძე არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე. ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო ანა დოლიძისნაირი ძლიერი, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის მიმეცა ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა.


ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს. ალბათ ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ ამიტომ არის მიუღებელი არამარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

თავს მოვალედ მივიჩნევ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ანა დოლიძისნაირიუშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი, საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ.

"ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის.

"მოვუწოდებ პარლამენტს დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი, კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები