მსოფლიო
ბაზარზე მაღალი კონკურენცია მომხმარებლის უფლებებს დაიცავს
2016-02-03 14:05:18
„ჰუმანითი ჯორჯია“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდა. მედიკამენტების პირველი პარტია კომპანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა. მოსახლეობისათვის მათი პრეპარატები ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე
ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კონკურენცია აუცილებელია ეკონომიკური სისტემის განვითარებისათვის.
„ახალი კომპანიის შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მეტი კომპანია იქნება ბაზარზე, მომხმარებლის უფლება, მით უფრო დაცულია და მაღალი ხარისხის წამლები იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ყველა დარგს, ასევე ფარმაციასაც, ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა - კონკურენცია, ყოველთვის კარგად ადგება. მე არ ვსაუბრობ კომპანიების ინტერესებზე. მისი ინტერესი შეიძლება იყოს პირიქით, რომ იყოს მონოპოლისტი და ბაზარზე მბრძანებელი, მაგრამ რეალური ეკონომიკური სისტემის განვითარებისათვის კონკურენცია არის ყოველთვის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა. ზოგადად, კომპანია არ შევა ბაზარზე, თუ არ შეისწავლა, აქვს მას შანსი თუ არა. მას კონკრეტულ მედიკამენტებზე ექნება გაკეთებული აქცენტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე. შესაძლებელია, ის კონკურენტი აღმოჩნდეს იმ მედიკამენტების, რომელიც ვთქვათ საქართველოში იწარმოება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შემოდის ახალი მოთამაშე, ან მას მოუწევს უკეთესი თამაშის წესების შემოტანა, ან იძულებული გახდება დატოვოს ბაზარი, თუ ვერ დააკმაყოფილებს ამ ქვეყნის მოთხოვნებს. ასე, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა ყველა შემთხვევაში დადებითია“.
მაისურაძეს ასევე მიაჩნია, რომ ხარისხიანობაზე აქცენტის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან ბაზარი თავად დარეგულირდებადა იქნება ის მიწოდება, რასაც მოითხოვს მომხმარებელი.
„ნებისმიერი ქვეყანა, იქნება ეს ინდოეთი, ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ სხვა, უშვებს ყვალანაირი ხარისხის პროდუქტს. ეკონომიკის ენაზე აქცენტის გაკეთება მხოლოდ პროდუქტის ხარისხზე გაუგებარია. ბიზნესი ამბობს ერთ რამეს - იყიდება პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ ის კარგია. თუ კონკრეტული ბაზარი პროდუქტს იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის მომგებიანი. აქედან გამომდინარე, როგორიც არის მოთხოვნა, ისეთი იქნება მიწოდებაც. ამიტომ, თუ სტანდარტი გაიზრდება, იძულებულნი იქნებიან, რომ აწიონ მათი პროდუქტის ხარისხიც, თუმცა ვერც ერთი კომპანია გაბედავს შევიდეს ისეთ ბაზარზე, სადაც შანსი არ გააჩნია“, - ამბობს თემურ მაისურაძე.
კომენტარები