მსოფლიო
დავით სერგეენკო: „ახალი ფარმაცევტული კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება“
2016-01-19 11:47:48
„თუ კომპანია მედიკამენტებს შედარებით დაბალ ფასად გაყიდის, ეს მოსახლეობისთვის დიდი შვება იქნება“
„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.
“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.
ჯანდაცვის სამინისტროს ინციატივას, მედიკამნტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასა და ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის საკითხს ბავშვთა ნევროპათოლოგი ნანა გელაძე გამოეხმაურა:
„ჩემი პრეროგატივა ძირითადად არის ანტიეპილეფსიური პრეპარატები. რადგან ჩემი პაციენტები ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე ბავშვები არიან, ანტიეპილეფსიური პრეპარატების დანიშვნა მიწევს. ეს პრეპარატები ძირითადად ფრანგული და გერმანული აპრობირებული და ძალიან ცნობილი ბრენდებია. პირადად არ დამინიშნავს ადგილობრივი ან სხვა ნაწარმი. არა იმიტომ, რომ ცუდია აუცილებლად, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულ წამლებში ვარ დარწმუნებული და ექსპერიმენტის ჩატარება არ მინდა. თავად ის ინიციატივა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის საკმაოდ დაბალ დონეს და მის გამკაცრებას პრიორიტეტებს შორის მოიაზრებს, ძალიან კარგია. უბრალოდ, მიჩნდება კითხვა, გვაქვს კი იმხელა მატერიალური რესურსი, რომ წამლების შემოწმება მართლაც მაღალი დონის ლაბორატორიებში მოხდეს?!“
რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, ექიმი მიესალმება. „როგორც წესი, ეს კონკურენციის გაზრდის საშუალება უნდა იყოს. კონკრეტულად "ჰუმანითი ჯორჯიას“ შესახებ არ მსმენია. თუ მედიკამენტებს შედარებით დაბალ ფასად გაყიდის, ეს მოსახლეობისთვის იქნება პირველ რიგში დიდი შვება“, - განმარტა ნანა გელაძემ.
მანანა გელაძე სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და საჭირო ცვლილება საყოველთაო დაზღვევაა: „უფასო ქირურგიული ოპერაციები ძალიან სერიოზული დახმარებაა. მომწონს ბევრი რამ, რასაც მისი გუნდი აკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითიჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითიჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
კომენტარები