მსოფლიო
მედიკამენტების ბაზარზე ფალსიფიკაცია და მონოპოლია სუფევს
2015-12-01 13:13:07
„ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის“
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების“ წევრი, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე მედიკამენტების ფასებსა და ხარისხის კონტროლზე საუბრობს.
„დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას აიმედებდა, რომ პროდუქტები, მედიკამენტები გაიაფდებოდა, თუმცა პროცესები რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა - მედიკამენტები გაძვირდა. ჯანდაცვის პროგრამები და რეფორმები არსებულ მდგომარეობას ვერ დაარეგულირებს, მით უფრო არსებული იმფლაციის ფონზე. ეროვნული ვალუტა უკონტროლო გახდა. მედიკამენტები ძვირდება, მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება. მედიკამენტების ბაზარზე ფალსიფიკაცია და მონოპოლია სუფევს,“ - აღნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი.
ამასთან, მიანიშნებს რომ სიტუაციის დასარეგულირებლად სუბსიდირების იდეა არამართებულია. „ეს თანხა კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავა და სხვა მიმართულებებს დააკლდება. ამიტომ უნდა დაველოდოთ, დალაგდეს მდგომარეობა, მოვიდეს ახალი, ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აამუშავებს და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემებსაც დაარეგულირებს. სახელმწიფო უუნაროა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ვერ აკონტროლებენ იმპორტს, არის ფალსიფიკაცია, მონოპოლია და აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით პრობლემა და გაურკვევლობა სუფევს“, - განაცხადა კახა ბუცხრიკიძემ.
„ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის“ - აცხადებენ მედიკოსები. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით გაკრვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელისა და ელექტრონული რეცეპტული სისტემის დანერგვას გეგმავს. ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. და მაინც, რა არის ჯენერიკი? მის დადებით მხარეებზე საუბრობს სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე:
„რა განსხვავებაა ჯენერიკ მედიკამენტსა და ბრენდს შორის? დღეს ფუნქციონირებენ უსერიოზულესი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ჯენერიკულ მედიკამენტებს. როგორც სპეციალისტი განვმარტავ, რომ ჯენერიკი კომპანია ყიდულობს მედიკამენტის მზა ფორმულას და შემდეგ თავად აწარმოებს წამალს. სერიოზული მედიკამენტის გამოგონება და ფორმულის შექმნა, მილიარდობით დოლარი ჯდება. ბუნებრივია, ყველა კომპანიას მილიარდობით დოლარი არ გააჩნია. ცუდს მასში ვერაფერს ვხედავ - ყიდულობენ მზა ფორმულას და შემდგომში თავად აწარმოებენ. უბრალოდ, აქ საუბარია მედიკამენტების ხარისხზე, რაზეც კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. მაგალითად, საზოგადოება ძალიან სკეპტიკურად უყურებს ინდური წარმოების მედიკამენტებს. მაგრამ ინდოეთში 700 ათასი ფარმაცევტული კომპანია ფუნქციონირებს. მათ შორის მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ გახსნილი ქარხნები ინდოეთში. ამიტომ, თეთრად და შავად ვერ დავყოფ, რა ან რომელია კარგი და პირიქით - ცუდი. ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე, ნამდვილად არ არის. როგორც მომხმარებელს, მიმიღია კიდეც ჯენერიკ მედიკამენტი. მთავარია, პაციენტს, როგორც მომხმარებელს და ასევე ექიმს, არჩევანის საშუალება ჰქონდეს, რომ მას არავინ დააძალოს კონკრეტული პრეპარატის მიღება ან გამოწერა.“
„საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია ჯენერიკ მედიკამენტებით. თუმცა დღეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რათა განვასხვავოთ ხარისხიანი და უხარისხო, და ეს ყველაფერი დამყარებული უნდა იყოს კონკურენციაზე. რომელი ფარმაცევტული კომპანია რა ფასად და რა ხარისხის სამკურნალო საშუალებას მიაწვდის მომხარებელს. ჯენერიკის დეფინიცია ზოგადად, ეს არის კვლავწარმოებული და არაპატენტირებული სამკურნალო საშუალება. დღეს დარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების ძირითადი ბაზა მაინც ხარისხიანი ჯენერიკული საშუალებებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რადგან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“ - აცხადებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით მაჭარაშვილი.
კომენტარები