მსოფლიო
მაგდა გურული: ოჯახის ექიმი ძალიან კარგი ინსტიტუტია
2015-08-12 17:26:28
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსთან“ ერთად დაიწყო მუშაობა. ამ რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა.
ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული გვესაუბრა.
„ოჯახის ექიმი, როგორც ასეთი, არასოდეს გვყოლია. თუმცა გვყავდა ახლობელი ექიმი, რომელიც, პრაქტიკულად, ასრულებდა ოჯახის ექიმის მოვალეობას. ზოგადად, ძალიან კარგი ინსტიტუტია, რადგან ამ ადამიანმა იცის ყველას ჯანმრთელობა განვითარების პროცესში, იცის მისი ისტორია და ანამნეზი.
მე ვემხრობი პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევას, რადგან პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ უფრო ენდობა მას პაციენტი და მან ზემიწევნით იცის ავადმყოფის ისტორია.
თუ პირველად რგოლში იქნებიან გამოცდილი ექიმები, მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება, ეს წამოწყება ნამდვილად გაამართლებს და ძალიან დადებითი მოვლენა იქნება მოსახლეობისათვის.
ერთადერთი, ისევ პოლიკლინიკებს ნუ დაარქმევენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს, რადგან ეს ძალიან საბჭოურად ჟღერს. მოსახლეობა აღარც დაინტერესდება რა დგას ამ სახელის უკან. ამიტომ, სასურველი იქნება, თუ ახლებურად შეფუთავენ, უფრო თანამედროვედ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში მაგდა გურულმა.
კომენტარები